ევროპულმა კომისიამ ავტომწარმოებლებისთვის ნახშირორჟანგის ემისიებზე რეგულაცია შეარბილა.
განახლებული სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში, კომპანიებს საჭირო ეკომეგობრული პოლიტიკის დასანერგად, 1-ის ნაცვლად, 3 წელი მიეცათ. ანუ შეთავაზებული ცვლილებებით, ევროკავშირი ავტომწარმოებლებისთვის CO2 ემისიების რეგულირებისთვის წესებს 2025-2027 წლებზე გაავრცელებს, ნაცვლად მიმდინარე წლისა.
რეგულაციების შერბილების ინიციატივა თავად ევროპელ ავტომწარმოებლებს ეკუთვნით. სწორედ მათ მიმართეს ევროკომისიას შესაბამისი თხოვნით და განმარტეს, რომ ემისიების სამიზნე ნიშნულამდე დაყვანა კომპანიების მიერ ელექტრომობილების გაყიდვების ზრდაზეა დამოკიდებული. მათივე მტკიცებით, ამ სეგმენტს ჩინური და ამერიკული ავტომწარმოებლებისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული ცვლილება ევროპის ერთ-ერთი წამყვან სექტორს მოქნილობის მეტ შესაძლებლობას აძლევს ისე, რომ ევროკავშირმა თავისი კლიმატური მიზნებიდან არ გადაუხვიოს.
ფონ დერ ლაიენმა წესების შერბილებაზე ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ისაუბრა. მაშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ავტომწარმოებლებს “ამოსუნთქვის საშუალებას” მისცემდა, რადგან, თავდაპირველი სამიზნე ნიშნულის გადაჭარბების შემთხვევაში კომპანიებს 15 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ეკისრებოდათ.
ნახშირორჟანგის ლიმიტის გამკაცრებული რეგულაციები მიმდინარე წლიდან ამოქმედდა. ევროკავშირი ავტომწარმოებლებისგან მოითხოვს, რომ ყოველი 5 გაყიდული ავტომობილიდან ერთი ელექტროძრავიანი იყოს – იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციის შერბილებას ევროპარლამენტიც დაეთანხმება, ამ მიზნის შესასრულებლად კომპანიების ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდება.
ევროპელი ავტომწარმოებლები უკვე დგანან შემცირებული მოთხოვნის გამოწვევის წინაშე, პრობლემაა აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებიც. ამ ფონზე Volkswagen და Renault იმ კომპანიათა ჩამონათვალში არიან, რომლებიც ევროკომისიის მიერ გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივებას ეთანხმებიან, თავის მხრივ კი Volvo მიიჩნევს, რომ ავტომწარმოებლები, რომლებმაც რეგულაციისთვის მოსამზადებლად ინვესტიცია უკვე გაიღეს, არათანაბარ პირობებში ექცევიან.
ევროკავშირის კლიმატის გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს, რომ 2035 წლიდან ავტომწარმოებლების მიერ გაყიდული თითოეული ავტომობილი ნულოვან ემისიას გამოყოფდეს, რაც შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვების ეპოქას საბოლოოდ დაასრულებს.
