ევროპელმა ლიდერებმა “ალასკის სამიტთან” დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეფასებისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ ერთობლივი განცხადება მოამზადეს.
16 აგვისტოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „ევროპელ ლიდერებს შორის საუბარი, რომელზეც პრეზიდენტ ტრამპის მიერ მოწოდებულ ინფორმაცია და ალასკის შეხვედრის შედეგები შეფასდა, დასრულდა“, – დაწერა ტუსკმა X-ზე, “გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება”.
საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ, კირ სტარმერთან, ასევე იტალიის პრემიერმინისტრ ჯიორჯია მელონისთვან ერთად შექმნილ დოკუმენტში წერია, რომ ევროპელი ლიდერები კვლავ ადასტურებენ უკრაინისთვის მხარდაჭერას, და რომ შეინარჩუნებდნენ ზეწოლას რუსეთზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება.
განცხადებაში მითითებულია, რომ ახლა, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ტრამპთან და ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის მოსამზადებლად.
ტრამპმა პუტინთან ალასკაში მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა უნდა ემხრობოდეს შეთანხმებას რუსეთთან ომის დასრულების შესახებ. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი და ის ერთი აზრისა არიან, რომ ამის საუკეთესო გზა არის პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება და არა ცეცხლის შეწყვეტა, რასაც აქამდე კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები უარყოფდნენ.
ევროპელების განცხადებაში, რომელსაც ასევე ხელი მოაწერეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ, ნათქვამია, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „რკინასავით მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიები თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
„უკრაინაზე იქნება დამოკიდებული თავის ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით,” – წერენ ერთობლივ განცხადებაში ევროპის ქვეყნების მეთაურები და აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება: “ჩვენ მტკიცედ გადავწყვიტეთ, მეტი გავაკეთოთ უკრაინის სიძლიერის შესანარჩუნებლად, რათა მივაღწიოთ საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
„სანამ უკრაინაში ხოცვა გრძელდება, მზად ვართ გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების და უფრო ფართო ეკონომიკური ზომების გაძლიერებას, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთის ომის ეკონომიკაზე, სანამ არ იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა,“ – წერენ ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები და ევროკავშირის ხელმძღვანელები ერთობლივ განცხადებაში, რომელიც “ალასკის სამიტის” შემდეგ გამოქვეყნდა.
აშშ-ის შტატ ალასკაში 15 აგვისტოს გაიმართა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირო პუტინის შეხვედრა, რომლის დროს მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
დაიგეგმა ორ დღეში ვაშინგტონში, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ტრამპთან.
ფორუმი