ევროპელი ტურისტები ურთიერთობისთვის კომფორტულები არიან, თუმცა აზიელებზე მეტს არ ხარჯავენ – Kazbegi Inn Cottages

ყაზბეგის ტურისტული სეზონის გააქტიურებაზე და ტურისტულ ნაკადებზე BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა “Kazbegi Inn Cottages”-ის დამფუძნებელმა, ანი სუარიძემ. მისი თქმით, მაისიდან კოტეჯებში ჯავშნები აქტიურად განახლდა და ამ დროისთვის ტურისტული ობიექტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.
„ორი წელია, რაც ბაზარზე ვართ და ამ დროის განმავლობაში, კიდევ ერთი კოტეჯი დავამატეთ. დღეისთვის ჯავშნებით სრულად ვართ დატვირთულები, თუმცა, დროდადრო არის მცირე ჩავარდნები, რასაც იმედით ვუყურებთ და ველით, რომ ზაფხულის სეზონისთვის ყველაფერი შეივსება“, – განაცხადა ანი სუარიძემ.
მისი თქმით, ყაზბეგში ამინდის ცვალებადობა გამოწვევას წარმოადგენს და წვიმიან დღეებში ხშირია ჯავშნების გაუქმება. მიუხედავად ამისა, ივლისი – აგვისტო შედარებით სტაბილური თვეებია, რაც მეტ დატვირთვას განაპირობებს.
ტურისტული ნაკადის შესახებ საუბრისას, სუარიძე აღნიშნავს, რომ სტუმრები ყველაზე ხშირად დან, დუბაიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და ტაილანდიდან შემოდიან. ევროპის ქვეყნებიდან განსაკუთრებული აქტიურობა გერმანიიდან ფიქსირდება.
„ბოლო პერიოდში აზიელი სტუმრების რაოდენობა გაზრდილია. თუ ფასებიდან გამომდინარე, ჯავშნები თანაბრად ნაწილდება. თუმცა, ევროპელი ტურისტი გაცილებით კომფორტულია ურთიერთობის მხრივ, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ აზიელებთან შედარებით ისინი ბევრს ხარჯავენ”,– ამბობს სუარიძე.
ტურისტულად დატვირთული სეზონი გაზაფხული – ზაფხულზე მოდის, ამიტომ ფასებიც სეზონურად იზრდება. თუმცა, როგორც ანი სუარიძე განმარტავს, ზამთარიც საკმაოდ აქტიური იყო, მიუხედავად გამოწვევებისა.
ამ ეტაპზე Kazbegi Inn Cottages-ის ფასები 250 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია სეზონსა და სტუმრების რაოდენობაზე. კომპანიის თქმით, მომხმარებლებისთვის პერიოდულად ფასდაკლებებიც მოქმედებს.
ინფორმაციით, Kazbegi Inn Cottages ყაზბეგში მდებარე განთავსების ობიექტია, რომელიც ბაზარზე 2 წელია ოპერირებს. ობიექტი სამ კოტეჯს აერთიანებს და ერთ ჯერზე, 23 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ