ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ევროპელი პარლამენტარების, პოლიტიკოსებისა და მკვლევრების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ისინი გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მიზნით გადამწყვეტი საერთაშორისო მოქმედების მოწოდებით გამოდიან.
“ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა.
ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ და შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სხვების ცნობებით, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს და პატიმრობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება”, – ვკიხთხულობთ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად.
ამასთან, ისინი ევროკავშირს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენ.
“ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად. ევროატლანტიკური გზის, რომელიც დაფიქსირებულია არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ იმ ხალხის ნებაშიც, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა. ქართველი ხალხი არ გაჩუმდება და არც მისი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, საჭირო ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიის სასწრაფოდ აღდგენის შესახებ, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლოდროინდელი არალეგიტიმური კანონების გაუქმებით, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებასა და ახალი არჩევნების ორგანიზებას დამოუკიდებელი ზედამხედველობის ქვეშ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებსა და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ სანქციების შენარჩუნებით ან დაწესებით პასუხისმგებელ პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურსა და სულხან თამაზაშვილზე”, – აცხადებენ პარლამენტარები.