“დღე, როდესაც დავიწყებთ გამარჯვებას, არის დღე, როდესაც შევწყვეტთ შიშს”, – ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გებრიელიუს ლანდსბერგისი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში. ლანდსბერგისი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრო და სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად, უკრაინის პირველ დიპლომატს, დმიტრო კულებასაც შეხვდა.
ლანდსბერგისი 2 წლის წინანდელ 24 თებერვლის დილას იხსენებს და ამბობს, რომ იმ დღეს მსოფლიოს „გუშინდელი აღქმა“ დასრულდა და ახალ ეპოქაში გაიღვიძა, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა.
ისტორიის გაკვეთილი ნათელია: თუკი პუტინს წინ არ აღვუდგებით, ის მეტის [მისაღებად] დაბრუნდება”, – დევიდ კამერონი
„ჩვენი ბევრი მეგობარი დასავლეთ ევროპაშიც და მსოფლიოშიც ჯერ კიდევ ეჭიდება წარსულის აღქმას, გუშინდელ რეალობას, რომ შესაძლოა რუსეთს ვესაუბროთ, მოვაგვაროთ პრობლემები, მაგრამ ეს ისაა, რაც წარსულში გვქონდა. მათ ახსოვთ 90-იანი წლები, ახსოვთ გორბაჩოვთან საუბარი, გერმაანიის მშვიდობიანი გაერთიანება, ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანება, მაგრამ რეალობა ჩვენთვის, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვის, მაგრამ უპირველესად უკრაინისთვის, უკვე სხვანაირია”, – ამბობს ლიეტუვის პირველი დიპლომატი და დასძენს: “ჩვენ ვამბობთ, დაინახეთ, არის წითელი ხაზი და ეს ხაზი გადაკვეთილია, უკან ვეღარ დავბრუნდებით. გატეხილი ხერხემალი ვერ გამთლიანდება. ახლა კი უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ახალი მსოფლიო“.
ასამბლეისთვის მიმართვისას, უკრაინაში მიმდინარე ომი დღევანდელი თაობის უმნიშვნელოვანეს ბრძოლად მოიხსენია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმაც. დევიდ კამერონმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ორი წლისთავზე საუბრისას 2008 და 2014 წლების რუსული აგრესიაც გაიხსენა და თქვა, რომ „ისტორიის გაკვეთილი ნათელია: თუკი პუტინს წინ არ აღვუდგებით, ის მეტის [მისაღებად] დაბრუნდება“.
კამერონი იხსენებს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ თბილისშიც ჩავიდა და თავადაც ნახა, რა ხდებოდა. თუმცა მაშინ ოპოზიციონერი დეპუტატი იყო და არა – მთავრობის წარმომადგენელი. კამერონის აზრით, მსოფლიოს მაშინვე უნდა გაეცა ბევრად მტკიცე და მკაცრი პასუხი ვლადიმირ პუტინისთვის.
მომავალი მსოფლიო უნდა იქმნებოდეს იმ იდეით, რომ შეილება მოგვიხდეს ცხოვრება ძალიან საშიში მეზობლის გვერდით და დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ შეგვიძლია თავისა და მეგობრების დაცვა. ევროპული თავდაცვის სტრუქტურა მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევისთვის”, – გებრიელიუს ლანდსბერგისი
„მე 2008 წელს თბილისში ჩავედი იმიტომ, რომ ვხედავდი, რას აკეთებდა ვლადიმირ პუტინი იქ. არ მგონია, რომ მსოფლიოს მაშინ საკმარისად მტკიცე რეაქცია ჰქონდა. 2014 წელს უკვე პრემიერი ვიყავი, როცა რუსეთმა ყირიმი დაიპყრო. იმედისგამაცრუებელი იყო, რომ ზოგს მაშინაც კი არ ესმოდა რა ხდებოდა. მაშინვე ვამბობდი, რომ ნათელი იყო, ეს შეჭრა იყო და პუტინი მაშინვე ეფექტიანად უნდა დაგვესანქცირებინა“, – ამბობს კამერონი „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, ქვეყნის ყოფილი პრემიერი, დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში დანიშნა. კამერონი, 2005-16 წლებში, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი იყო. 43 წლის ასაკში, 2010 წელს, მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა და იმ დროისთვის 1812 წლიდან ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. 2016 წელს, კამერონმა „ბრექსიტის“ რეფერენდუმი ჩაატარა. ბრიტანეთის მიერ, ევროკავშირიდან გამოსვლის მხარდაჭერის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში კი მან თანამდებობა დატოვა.
დევიდ კამერონი მიიჩნევს, რომ 2022 წლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გაეროს ქარტიის იმდენად ნათელი და თავხედური დარღვევა იყო, რომ ამან ამ თაობის პოლიტიკოსთათვის უდიდესი გამოწვევა შექმნა: „ესაა ჩვენი თაობის გამოწვევა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ჩვენ წინაშეა“, – ამბობს კამერონი და ვითარებას 30-იანი წლების ევროპის მოვლენებს ადარებს, როცა მისი თქმით, ერთი ქვეყნის აგრესია და დიქტატორის ქმედებები მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომით დასრულდა.
უკრაინაში რუსეთის ომის ეგზისტენციალურ მნიშვნელობაზე საუბრობს გებრიელიუს ლანდსბერგისიც. ამბობს, რომ დასავლეთმა ბოლომდე უნდა გაიაზროს, რომ 2022 წლლის 24 თებერვალს მსოფლიო შეიცვალა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ დღევანდელი და მომავალი მსოფლიო უნდა იქმნებოდეს იმ იდეით, რომ შეილება მოგვიხდეს ცხოვრება ძალიან საშიში მეზობლის გვერდით და დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ შეგვიძლია საკუთარი თავისა და მეგობრების დაცვა. ჩვენ უნდა შევცვალოთ ევროპული თავდაცვის სტრუქტურა, განვაახლოთ საიმისოდ, რომ ის მზად იყოს ახალი გამოწვევისთვის“, – მიიჩნევს ლიეტუვის პირველი დიპლომატი.
კითხვაზე, რატომ კამათობენ დღესაც ნატოს წევრ თუ მოკავშირე ქვეყნებში უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე, ის ამბობს, რომ ეს უკავშირდება რუსეთის უნარს, დანერგოს შიში სხვადასხვა საზოგადოებაში.
„ეს ბულინგია მათთვის, ვისაც ეშინია, რომ მას [რუსეთს] ვერ გაუმკლავდება. ხშირად ყველაზე დიდი კეთილდღეობის მქონენიც კი შიშობენ ამ ბულინგის გამო. მაგრამ ყველა იმპერია ინგრევა, ყველას აქვს სტრუქტურული სისუსტე, რომელსაც თუ სწორად გამოიყენებ, ის აუცილებლად დაინგრევა. და ამ ბოლო იმპერიასაც ასე დაემართება. სხვა გზა არ არსებობს“, – ამბობს ლანდსბერგისი, თუმცა იმასაც დასძენს, რომ დღევანდელი დღე სულაც არაა ევროპისთვის ყველაზე საამაყო პერიოდი. და რომ ამ ორი წლის შემდეგ მაინც, უნდა შეწყდეს საუბარი იმაზე, რომ უკრაინას მხარს დაუჭერენ „მანამ, სანამ საჭირო იქნება“ და არ მოერიდონ იმის თქმას, რომ უკრაინის გამარჯვება არის ის, რაც მოკავშირეებს სურთ.
„დიახ, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა იმ მოცულობითა და რაოდენობით ვაწარმოოთ იარაღი, რაც გვჭირდება. მაგრამ ამის შესაცვლელადაც უკვე ორი წელი გვქონდა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვთქვათ, რომ უკრაინას მხარს დავუჭერთ არა იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება, არამედ – გამარჯვებამდე. ვფიქრობ ეს შედარებით ადვილიც კია. თუკი იტყვი, რა არის ის საბოლოო [მიზანი], რისი მიღწევაც გსურს, შემდეგ გეცოდინება, რამდენი ათასი თუ ათეული ათასი უნდა დახარჯო ამისთვის ყოველ თვეში, რამდენი იარაღი უნდა ვაწარმოოთ, რამდენი ქარხანა გვჭირდება და ა.შ”, – მიიჩნევს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ჩვენ ვამბობთ, რომ მათ მხარს ვუჭერთ, რომ მათი გვჯერა. ეს ყველაფერი იარაღით, დაფინანსებით და დიპლომატიური თუ სამხედრო მხარდაჭერით უნდა გავაგრძელოთ”, – დევივდ კამერონი
დევიდ კამერონიც ფიქრობს, რომ დასავლეთს არ გაუკეთებია საკმარისი უკრაინის გამარჯვებისთვის. თუმცა აღნიშნავს, რომ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შორის, გერმანიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ შეიცვალა ძველი პოზიციები და შვედეთმა და ფინეთმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
„არა, საკმარისი არ გაგვიკეთებია. უკრაინას არ აქვს საკმარისი საარტილერიო ჭურვები. უკრაინას სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება. სჭირდება მეტი დაფინანსება, მეტი შეიარაღება. ჩვენ უნდა შევასრულოთ ის, რასაც [უკრაინელებს] ვეუბნებოდით. ჩვენ ვამბობთ, რომ მათ მხარს ვუჭერთ, რომ მათი გვჯერა. ეს ყველაფერი იარაღით, დაფინანსებით და დიპლომატიური თუ სამხედრო მხარდაჭერით უნდა გავაგრძელოთ“, – ამბობს კამერონი.
კამერონმა ხაზი გაუსვა, რომ უკრიანის გადასაწყვეტია, როდის იქნება ის მზად იმისთვის, რომ ომი ამა თუ იმ მოლაპარაკებით დაასრულოს. დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებებმა კი, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი მხრივ უკრაინას უჭერენ მხარს, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკება სურთ, უნდა გაიაზრონ, რომ ეს კიევის გადასაწყვეტია, როდის მიიჩნევს ის, რომ ამის დრო დადგა. თუმცა ხელსაყრელ პოზიციაში უკრაინა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მოკავშირეები მის დახმარებას განაგრძობენ.
ლიეტუვის პირველ დიპლომატს მიაჩნია, რომ იმის განცდა, რომ უკრაინის ომის ბედის სასწორზე ევროპული მომავალი დევს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მწვავე და მას, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერს, ეს აშინებს.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ [რუსეთთან]. ეს ყველაფერი იმას ჰგავს, უყურებდე, როგორ შეიჭრა ვიღაც შენი მეზობლის სახლში, დამტვრეულია კარი, გაიტაცეს ბავშვები, ყველაფერი წაღებულია, ადამიანებს კლავენ და ამბობდე, ეს არაა ჩემი ბინა, არა უშავს. მაგრამ როდემდე? ესაა ერთადერთი კითხვა, რომელსაც ყველა ჩვენგანმა უნდა უპასუხოს. თუკი ყველაზე შორს ხარ ამ რიგში, ალბათ ეს ცოტა დროს გაძლევს, მაგრამ არც ისე ბევრს“, – ამბობს ლანდსბერგისი.
ლიეტუველი დიპლომატიც, ბრიტანელი კოლეგის მსგავსად, ფიქრობს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრამდე, უკრაინამ უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის იარაღი და რაც მთავარია დროულად. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა რუსეთი სამხედრო წარმოებას მხოლოდ აძლიერებს.
“ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია და შემდეგ დავარწმუნოთ სხვა პარტნიორებიც ისე, რომ მსგავსი სცენარები საჭირო აღარ გახდეს. მე არასდროს ვისურვებდი ამ კონფლიქტის გაყინვას. რადგან რეალურად გაყინვა არ არსებობს. გაიყინა კი კონფლიქტი უკრაინაში 2014 წელს? არა, პირიქით, ეს ომის დასაწყისი იყო. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ისინი 2008 წელს მომხდარმაც გაათამამა, შემდეგ 2014 წელმა და ა.შ.” – ამბობს ბალტიისპირეთის ქვეყნის პირველი დიპლომატი.