უკრაინაში კორუფციული სკანდალის მიუხედავად, ქვეყნის ევროპელი პარტნიორები გააგრძელებენ რუსეთის სამხედრო აგრესიისგან თავის დასაცავად უკრაინის მხარდაჭერას, თუმცა კიევისგან კიდევ ერთხელ მოითხოვენ კორუფციასთან გადამწყვეტ ბრძოლას.
ევროპელი პარტნიორების მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ჟურნალისტებს 12 ნოემბერს განუცხადა კანადაში, სადაც „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
ამასთან, ვადეფულმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ სიბიჰას მკაფიოდ უთხრეს, რომ უკრაინას კორუფციასთან გადამწყვეტი ბრძოლა სჭირდება, რათა დასავლეთის მხარდაჭერა ისევ დამაჯერებელი იყოს.
G7-ის წევრი სახელმწიფოების: გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, აშშ-ის და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს უკრაინის მხარდამჭერი მორიგი განცხადება, რომელშიც საუბარია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობასა და რუსეთისთვის გაყინული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენების შესაძლებლობაზე.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.
გამოძიების თანახმად, „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისთვის თავსმოხვეული პირობებით, მათ უნდა გადაეხადათ ე.წ. ოტკატი, რათა თავიდან აეცილებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაბლოკვა და არ დაეკარგათ მიმწოდებლის სტატუსი. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის შიგნით ამ პრაქტიკას „შლაგბაუმი“ ეწოდა.
გამოძიების თანახმად, ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, რომელსაც გავლენა ჰქონდა ენერგეტიკის მინისტრ გალუშჩენკოზე. მინდიჩს უკრაინული მედია პრეზიდენტ ზელენსკის მეგობრად მოიხსენიებს.
ტიმურ მინდიჩი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა მინდიჩმა უკრაინა დატოვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სქემის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე.
კორუფციის ბრალდებით რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია და გამოძიება გრძელდება. ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იკვლევს სამხედრო მრეწველობის სფეროში სავარაუდო კორუფციის ფაქტებსაც.
უკრაინაში არსებული კორუფციაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც კიევისგან წლებია მოითხოვენ დასავლელი პარტნიორები. მოთხოვნის შესრულება კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.
2025 წლის ზაფხულში უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონის მიღებას. ამის გამო უკრაინაში საპროტესტო გამოსვლებიც დაიწყო. ხელისუფლება იძულებული გახდა ახალი კანონი გაეუქმებინა.
ფორუმი




