საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფი, 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტირი საქართველოში 15 მაისის გამთენიისას ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს „რუსული კანონის“ გაუქმებისკენ.
And we have landed in #Georgia🇬🇪 When times are challenging you can count on your friends. pic.twitter.com/0QzV5PsJ0a — Margus Tsahkna (@Tsahkna) May 15, 2024
საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
„დღეს, შიგნით საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ; კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი მათი რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანნი“.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ მინისტრები ზემოაღნიშნულზე დაეთანხმნენ. თუმცა თავად ევროპელმა მინისტრებმა ასეთი თანხმობის არსებობა უარყვეს.
„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო — ჩვენ არც ერთ ამათგანზე არ შევთანხმდით. ჩემი მესიჯი საპირისპიროა: საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით“, — დაწერა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
Let me be clear – we did not agree on any of this. My message is the opposite: Georgia is not moving to the right direction. pic.twitter.com/73IANmNFkf — Margus Tsahkna (@Tsahkna) May 15, 2024
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ დაბნეულობის საპასუხოდ საჭიროდ ვთვლი განვმარტო — ჩვენ არ დავთანხმდით, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა „გარკვეული შეშფოთება“, — დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
In response to confusion about the meeting with the Chair of the Parliament of Georgia @shpapuashvili, I feel the need to clarify that we did not agree that Georgia was right to ignore European advice and values, and we expressed extremely strong views, not “some concerns”. pic.twitter.com/keuj60Xsxx — Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) May 15, 2024
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზემ, თავის მხრივ, დაწერა, რომ შეშფოთება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტისა და საქართველოს ევროპულ გზაზე მისი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, უტყუარია.
„ეს განვუცხადეთ პარლამენტის თავმჯდომარეს. არ დაიჯეროთ განცხადებები, რომლებსაც სპიკერი გვაწერს რუსეთის სანქციების ან ბატონი სააკაშვილის შესახებ“, — დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Concern about the draft Law on Transparency on Foreign Influence and its adverse effects on Georgian European path is genuine. Expressed it to the Speaker of 🇬🇪 Parliament. Don’t recognise statements that the Speaker attributes to us about sanctions on Russia or Mr Saakashvili. — Baiba Braže (@Braze_Baiba) May 15, 2024
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალამ“ 13 მაისს ხელისუფლებას მოუწოდა, არ შეხვედროდა 4 ქვეყნის (ლიეტუვა, ესტონეთი, ისლანდია, ლატვია) საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას, ასევე განეხილა მათი ქვეყანაში შემოშვების მიზანშეწონილობა.