გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი არიან იმ ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმების მორიგ წლისთავს გამოეხმაურნენ.
გერმანიაში არაერთი ღონისძიებით აღინიშნა ჰამასის ისრაელზე თავდასხმის ორი წლისთავი და პატივი მიაგეს მსხვერპლთა ხსოვნას. ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან წაიკითხეს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმისას მოკლულთა სახელები.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიც მერცმა ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელიდან ჰამასის მიერ გატაცებულთა შორის, რომელთა ნაწილიც ორი წელია ტყვეობაში იმყოფება, არიან გერმანელებიც:
„უკვე ორი წელია ისინი წარმოუდგენელ ტანჯვას იტანენ. რამდენიმე დღის წინ აქ, ფედერალური კანცლერის ოფისში ვესაუბრე მძევლების ნათესავებს. მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია მათ ტანჯვაზე. ჩვენ ვიზიარებთ მათ ტანჯვას და ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნებს – ყველა მძევალი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ სამშვიდობო პროცესზე“.
მერცმა თავისი მიმართვის მეორე ნახევარი დაუთმო მის ქვეყანაში მზარდ ანტისემიტიზმზე საუბარს და აღნიშნა, რომ ეს მას „სირცხვილით აღავსებს“:
„შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ჩვენს ქვეყანასაც. 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ვხედავთ ანტისემიტიზმის ახალ ტალღას გერმანიაში. ეს თვალსაჩინოა როგორც ძველი, ისე ახალი სახით. ეს სოციალურ მედიასა და უნივერსიტეტებში, ჩვენს ქუჩებში. სულ უფრო ხმამაღალი, სულ უფრო თავხედური სახით გვხვდება და სულ უფრო ხშირად გადადის ძალადობაში.
რამდენიმე კვირის წინ ვთქვი მიუნხენში, რაიხენბახშტრასეზე სინაგოგის ხელახალ გახსნაზე და მსურს დღეს გავიმეორო, რომ როგორც ფედერალურ კანცლერს, როგორც გერმანელს, როგორც ომისშემდგომი თაობის წარმომადგენელს, რომელიც გაიზარდა დაპირებით: „აღარასდროს!“, ეს მე სირცხვილით მავსებს. დღეს მინდა გთხოვოთ ყველას ამ ქვეყანაში: გამოდით და მიდით ჩვენს ებრაელ მოქალაქეებთან, დღეს, ხვალ, ზეგ. სადაც შეგიძლიათ, მიდით ებრაულ თემთან. მოდით, ყველამ ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით ვართ და რომ ყველანი გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ებრაელებს შეეძლოთ გერმანიაში ცხოვრება შიშის გარეშე, შეეძლოთ ცხოვრება ნდობით“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა 7 ოქტომბერს უწოდა “ბნელი დღე” ისრაელისთვის. მან ხაზი გაუსვა აგრეთვე პალესტინელთა ტანჯვას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე დაპოსტა:
„არასდროს დავივიწყებთ 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმების საშინელებას და ტკივილს, რომელიც მათ უდანაშაულო მსხვერპლს, მათ ოჯახებსა და მთლიანად ისრაელის ხალხს მიაყენეს ორი წლის წინ. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას მშვიდობისთვის დაუღალავი შრომით“.
ფონ დერ ლაიენის შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი გეგმა აახლოებს მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტას:
„ეს შესაძლებლობა არ უნდა დაიკარგოს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ჩაერთოს შარმ ელ შეიხის მოლაპარაკებებში, იმ გეგმის კონტექსტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა წარმოადგინა. ეს მომენტი უნდა იყოს გამოყენებული რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისკენ გზის გასაკვალავად, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს დაეფუძნება“.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერიც გამოეხმაურა 7 ოქტომბრის თავდასხმების ორი წლისთავს – “დრო ვერ აკნინებს ბოროტებას, რომელიც იმ დღეს ვიხილეთ”. სტარმეტმა აღნიშნა, რომ “ეს იყო ებრაელ ხალხზე ყველაზე საშინელი თავდასხმა ჰოლოკოსტის შემდეგ”. მისი განცხადებით, ღაზაში დარჩენილ მძევლებს შორის მისი ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ისიც ხაზს უსვამს ანტისემიტიზმის ზრდას და გასულ ხუთშაბათს მანჩესტერში ებრაელების დღესასწაულზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ამის გამოვლინებად აფასებს:
“ეს არის ლაქა ჩვენზე და ეს ქვეყანა ყოველთვის ერთიანად დადგება მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს ებრაელთა თემისთვის ზიანის მოტანა და სიძულვილი მათ მიმართ.
ჩვენი პრიორიტეტი შუა აღმოსავლეთში უცვლელია – მძევლების გათავისუფლება. ღაზისთვის დახმარების გაზრდა. და ცეცხლის შეწყვეტა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ორი სახელმწიფოს პრინციპის დაცვით“.
სტარმერი პირობას დებს, რომ მისი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს “იმ დღის მოსაახლოებლად, როცა ისრაელის თითოეულ შვილს შეეძლება ცხოვრება მშვიდობიანად, თავიანთი პალესტინელი მეზობლების გვერდით, დაცულად და უსაფრთხოდ”.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი X-ზე წერს, რომ ყველა სოლიდარულია 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების მსხვერპლის, „მათ შორის, საფრანგეთის 51 მოქალაქის მიმართ“ მიმართ და ისიც პრიორიტეტულად თვლის ანტისემიტიზმთან ბრძოლას:
“ვფიქრობთ აგრეთვე 48 მძევალზე, რომელიც ჯერაც ჰამასის ხელშია. ვმუშაობთ დაუღალავად მათ გასათავისუფლებლად.
მოდი, გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ძალა ანტისემიტიზმთან საბრძოლველად ყველგან, მშვიდობის დასამყარებლად“.
6 ოქტომბერს ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში დაიწყო ისრაელსა და ჰამასს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში გამოაცხადა 20 პუნქტიანი გეგმა ღაზაში ომის დასასრულებლად, რომელზეც ზოგადად თანხმობა განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ჰამასმა, როგორც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველზე. ორივე მხარისთვის რჩება საკითხები, რომელთა დათმობაც მათთვის რთული იქნება. სამშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს შეთანხმების მიღწევის “რეალური შანსი”. ეგვიპტეში მხარეებთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრნენ აშშ-ის პრეზიდენტის წარგზავნილი სტივ უიტკოფი და მასთან ერთად ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
ფორუმი
