პუტინმა გიგანტი გააღვიძა, მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„პუტინმა გიგანტი გააღვიძა. მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს. ევროკავშირის ეკონომიკა 19 ტრილიონ დოლარს შეადგენს. დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დასაწყისიდან, ევროპელმა მოკავშირეებმა, კანადასთან ერთად, თავდაცვაზე ხარჯები გააორმაგეს. ახლა კვლავ გავაკეთებთ ამას და უკეთ დავხარჯავთ, ვიდრე წარსულში. რუსეთის ეკონომიკა 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. როგორც ევროპა, სამშვიდობო მიზნებზე 2.5-ჯერ მეტს გამოვყოფთ, ვიდრე რუსეთი გამოყოფს საომარ ძალისხმევებზე. საკმარისია, რომ უბრალოდ უფრო ჭკვიანურად დავხარჯოთ ფული“, – წერს სიკორსკი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შინაარსი გაამხილა. მისი თქმით, პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ; ასევე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების შავ სიაში ახალი ხომალდების შეყვანას; ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დაწევას; ასევე დამატებით სანქციებს რუსეთის ფედერაციის ფინანსური სექტორის მიმართ.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე, ვიდრე ის არ იქნება მზად მშვიდობისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.
ცნობისთვის, ევროკავშირმა უკვე მოამზადა სანქციების მე-17 პაკეტი, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე 20 მაისს უნდა დამტკიცდეს.
