ევროკომისიის შეფასებით, ევროკავშირში ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული გარდაცვალების 25% ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება. სიჩქარის გადაჭარბებასა და უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობასთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ევროპის გზებზე სიკვდილიანობის სამი მთავარი მიზეზიდან ერთ-ერთია.
ექსპერტების შეფასებით, ყოველწლიურად დაახლოებით 6500 სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, კანონს ყველა მძღოლი რომ იცავდეს და ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ავტომობილის მართვას თავს არიდებდეს.
ევროპა მსოფლიოში ალკოჰოლის ყველაზე მაღალი მოხმარების მქონე რეგიონად რჩება. ტრანსპორტის უსაფრთხოების ევროპული საბჭოს (ETSC) მონაცემებით, ერთი ევროპელი წელიწადში საშუალოდ 9.2 ლიტრ სუფთა ალკოჰოლს მოიხმარს. თუმცა, ეს რაოდენობაევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
ალკოჰოლის მოხმარების დაბალი დონე ფიქსირდება მალტაში, ნორვეგიასა და შვედეთში, ხოლო მუდმივად მაღალი მაჩვენებლებია ესტონეთში, ჩეხეთსა და ირლანდიაში.
მცირე დოზით მოხმარების შემთხვევაშიც კი, ალკოჰოლს შეუძლია დააქვეითოს ინდივიდის განსჯის და კოგნიტური უნარები, რაც გავლენას ახდენს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის უნარზე. ალკოჰოლის ეფექტი, დოზიდან გამომდინარე, მერყეობს რეაქციისა და განსჯის უნარის უმნიშვნელო დაქვეითებიდან სრულ უგრძნობლობამდე.
კვლევები აჩვენებს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში დაშვებულ ზღვარზე დაბალი დოზაც კი შეიძლება გავლენას ახდენდეს მართვის უნარზე, რაც მკვეთრად ზრდის ავარიის ალბათობას.
კვლევის თანახმად, სისხლში 0.8 გ/ლ-ის (გრამი ლიტრზე) ალკოჰოლის შემცველობის (BAC) დროს, ავარიის რისკი 2.7-ჯერ მეტია, ვიდრე ავტომობილის ფხიზლად მართვის შემთხვევაში. ასევე ირკვევა, რომ როდესაც სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია (BAC) 1.5 გ/ლ-ს აღწევს, ავარიის შედეგად გამოწვეული ტრავმის მიღების რისკი 22-ჯერ იზრდება, ხოლო ფატალური შემთხვევის ალბათობა 200-ჯერ იმატებს.
სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციის დონის მატებასთან ერთად, იზრდება როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის ალბათობა, ასევე მისი სიმძიმის ხარისხი.
ცოტა ხნის წინ იტალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შემოიღო და კანონმდებლობაში ასახა ვალდებულება, რომ ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ნასამართლევი პირების კუთვნილ ავტომობილებში ალკოჰოლის დეტექტორი მოწყობილობა („ალკოლოკი“) უნდა დამონტაჟდეს.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ევროპული საბჭოს ინფორმაციით, მძღოლებს, რომელთა BAC-ი 0.8 გ/ლ-ზე მეტია, 6-დან 12 თვემდე ვადით მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან ერთად, „ალკოლოკის“ ორი წლის განმავლობაში გამოყენება მოეთხოვებათ. BAC-ის 1.5 გ/ლ-ზე მაღალი დონის შემთხვევაში კი, დეტექტორის ქონის იურიდიული ვალდებულება სამ წლამდე ვადით იზრდება, ხოლო მართვის მოწმობის ჩამორთმევა 1-დან 2 წლამდე ვადით განისაზღვრება.
ამ მოწყობილობის მონტაჟს ავტორიზებული სახელოსნოები ახორციელებენ, კალიბრაციის სერთიფიკატები კი ყოველწლიურად ახლდება. თუ ვინმე მოწყობილობის გაფუჭებას, მოდიფიცირებას ან გვერდის ავლას შეეცდება, ამისთვის დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
იტალიის გარდა, ალკოჰოლის დეტექციის პროგრამა უკვე მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, დანია, ფინეთი, შვედეთი, პოლონეთი, ლიეტუვა და ფინეთი. ამ ზომების მიზანია ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისპრევენცია, საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება და მთელ ევროპაში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება.
წყარო: 1 არხი




