ევროპა მზადაა, აშშ-თან მოლაპარაკებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს სთავაზობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ეს ტარიფები, პირველ რიგში, უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ ამავდროულად მათ აქვთ მასიური გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ტარიფები, რომლებმაც გლობალური ბაზრის ვარდნა გამოიწვია, წარმოადგენს „მთავარ გარდამტეხ მომენტს“ აშშ-თვის.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზადაა კარგი გარიგებისთვის“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
კითხვაზე, როდის შესთავაზა ევროკავშირმა ნულოვანი ტარიფები აშშ-ს, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეთავაზება გაკეთდა „გაცილებით ადრე“, ვიდრე დონალდ ტრამპი ტარიფებს დააწესებდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ურჩევნია შეთანხმების მოლაპარაკებების გზით მიღწევა, მზადაა, ითამაშოს მკაცრად.
1tv.ge
