ევროპის სახელმწიფოები უკრაინასთან ერთად მუშაობენ 12-პუნქტიან წინადადებაზე რუსეთის მიერ წამოწყებული და უკვე მეოთხე წელს მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად. “ბლუმბერგი” იუწყება ამის შესახებ და მის ცნობაში ხაზგასმულია, რომ ეს წინადადება გულისხმობს ომის დასრულებას არსებულ ფრონტის ხაზებზე, რითაც ევროპა და უკრაინა უპირისპირდებიან ვლადიმირ პუტინის განახლებულ მოთხოვნებს ვაშინგტონისადმი, რაც გულისხმობს კიევის მიერ ტერიტორიის ჩაბარებას სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ.
საქმეში ჩახედული ადამიანების თანახმად, რომელთაც ინფორმაცია გაუზიარეს “ბლუმბერგს”, სამშვიდობო საბჭო, რომლის სათავეშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოიაზრება, ზედამხედველობას გაუწევს შეთავაზებული გეგმის განხორციელებას: მას შემდეგ, რაც რუსეთი, უკრაინის კვალდაკვალ, დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარე უარს იტყვის ტერიტორიულ წინსვლაზე, შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებას ყველა დეპორტირებული ბავშვის დაბრუნებას უკრაინაში და სამხედრო ტყვეების გაცვლას. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, დაფინანსებას ომისგან მიყენებული ზიანის აღსადგენად და ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების გზას. რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის გაყინული რეზერვები მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება რუსეთს, როცა მოსკოვი დათანხმდება უკრაინის ომისშემდგომ აღდგენაში წვლილის შეტანას. შეზღუდვები განახლდება, თუკი რუსეთი კვლავ დაესხმება თავს თავის მეზობელს.
მოსკოვი და უკრაინა შეუდგებიან მოლაპარაკებებს ოკუპირებული ტერიტორიების მართვაზე, თუმცა არც ევროპა და არც უკრაინა არც ერთ მათგანს არ აღიარებენ რუსეთის კუთვნილ ტერიტორიებად.
ამ დრომდე რუსეთი უარს აცხადებს ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტაზე, მრავალრიცხოვანი მსხვერპლის მიუხედავად.
“ბლუმბერგის” წყაროების თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების გეგმის დეტალებზე მუშაობა დასასრულ ეტაპზეა და შეიძლება კიდევ შეიცვალოს. ნებისმიერ წინადადებას დასჭირდება შეთანხმება ვაშინგტონთან და ევროპელი ლიდერები შესაძლოა მიმდინარე კვირაში აშშ-ს ეწვიონ.
ეს პროცესი ეხმიანება ტრამპის გასული კვირის მოწოდებებს – მოლაპარაკებების დაწყებამდე კონფლიქტის დაუყოვნებლივ გაყინვაზე არსებულ ფრონტის ხაზებზე.
პუტინთან სატელეფონო საუბრისა და თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის მასპინძლობის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადაა, რომ რუსეთი და უკრაინა უნდა „შეჩერდნენ, სადაც არიან“.
ტრამპმა განაცხადა, რომ ის მზად არის მომდევნო კვირებში ბუდაპეშტში შეხვდეს პუტინს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, თუმცა ისინი არ შეთანხმებულან სამიტის მოსამზადებელი შეხვედრის თარიღზე.
ბიბისი, თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ არ არსებობს აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმიტ პუტინთან “უახლოეს მომავალში” შეხვედრის “არანაირი გეგმები”.
ზელენსკი: „თუკი გვინდა ამ ომის შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყება დიპლომატიური გზით, საჭიროა დავრჩეთ, სადაც ახლა ვართ, პუტინისთვის რაღაცის დამატებით მიცემის გარეშე“.
