ევროპაში სიტყვის თავისუფლება სულ უფრო მეტ შეზღუდვებს აწყდება, რადგან მთავრობები ამკაცრებენ კანონმდებლობებს ე.წ. „აალებადი“ კონტენტის აღკვეთის მიზნით – გამოცემა “ვოლ სტრიტი”

ევროპაში სიტყვის თავისუფლება სულ უფრო მეტ შეზღუდვებს აწყდება, რადგან მთავრობები ამკაცრებენ კანონმდებლობებს ე.წ. „აალებადი“ კონტენტის აღკვეთის მიზნით – გამოცემა “ვოლ სტრიტი”
გამოცემა The Wallstreet Journal ევროპაში სიტყვის თავისუფლების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით „ევროპაში სიტყვის თავისუფლების დევნა სულ უფრო ფართო სახეს იღებს“. მასში საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთსა და გერმანიაში მომხდარი შემთხვევების მაგალითზე განხილულია რა შედეგები მოჰყვება მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეებში საკუთარი პოლიტიკური თუ რელიგიური მოსაზრებების დაფიქსირებას.
გამოცემა ბრიტანელი ძიძის, 41 წლის ლუსი კონოლის შემთხვევაზე მოგვითხრობს, რომელმაც სოციალურ ქსელში X გამოქვეყნებული პოსტის გამო ციხეში 330 დღეზე მეტი გაატარა. კონოლი სახლში იყო, როდესაც ქალაქ საუსპორტში 6, 7 და 9 წლის გოგოების მკვლელობის შესახებ გაიგო. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ მკვლელობა მუსლიმმა თავშესაფრის მაძიებელმა ჩაიდინა. სინამდვილეში კი მკვლელი დიდ ბრიტანეთში, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. კონოლიმ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„მასობრივი დეპორტაცია ახლავე. ცეცხლი წაუკიდეთ ყველა იმ სასტუმროს, რომელიც ამ ნაბი***ებით არის სავსე. არ მაინტერესებს. მოღალატე მთავრობა და პოლიტიკოსებიც მიაყოლეთ. ფიზიკურად ცუდად ვხდები, როცა წარმოვიდგენ, რას გრძნობენ მოკლულთა ოჯახები. თუ ამის გამო რასისტი ვარ, დაე ასე იყოს“.
მოგვიანებით ქალმა პოსტი წაშალა, თუმცა მისი გაზიარება ათასამდე მომხმარებელმა მოასწრო. კონოლი რასობრივი ზიზღის გაღვივების შემცველი მასალის გამოქვეყნების ბრალდებით დააკავეს.
„კონოლის საქმე ხელს უწყობს დებატების გააქტიურებას დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლების შესახებ. ეს დებატები ასევე მთელ ევროპაში მიმდინარეობს. მაშინ, როცა -ის კონსტიტუციაში პირველი შესწორება კონგრესს სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი ნებისმიერი კანონის მიღებას უკრძალავს და სიძულვილის ენა, როგორც წესი, დაცულია, ევროპაში მთავრობები მსგავს შეზღუდვებს არ ექვემდებარებიან. ჰოლოკოსტით ნაიარევ კონტინენტზე, ბუნდოვნად განმარტებულმა სიძულვილის ენის კანონებმა და სოციალური მედიის პოპულარობამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა იმისთვის, რომ ხელისუფლება უფრო მარტივად გაუსწორდეს მათ, ვინც საზოგადოებისთვის პრობლემურად ითვლება.
ტრამპის ადმინისტრაცია, მათ შორის კონოლის მსგავსი შემთხვევების გამო, მწვავედ აკრიტიკებს ევროპის მთავრობებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. ადმინისტრაცია ასევე აკრიტიკებს ევროპულ კანონებს, რომლებიც ონლაინ-კონტენტის კონტროლს ეხება და პასუხისმგებლობას აკისრებს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა X (ყოფილი Twitter), იმის უზრუნველსაყოფად, რომ გარკვეული სახის მავნე მასალა არ გამოქვეყნდეს. აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებით, მსგავსი კანონები ქმნის „გლობალური ცენზურის სამრეწველო კომპლექსს“, – წერს WSJ.
ევროპაში პასუხობენ, რომ სიტყვის თავისუფლების ფორმების უმეტესობა კვლავაც დაცულია და მიუთითებენ იმაზე, რომ პრობლემები სიტყვის თავისუფლების დაცვასთან აშშ-შიც აქვთ. აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ასევე არაერთხელ იჩინეს ცენზურისკენ მიდრეკილება, მათ შორის უცხოელი სტუდენტების დაკავებით პროტესტისთვის ან სარედაქციო სტატიის დაწერისთვის, ასევე მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ ცილისწამების და სხვა სარჩელების შეტანით. თუმცა, ბევრი ევროპელი ასევე აღიარებს, რომ ევროპაში, შესაძლოა, ამ მხრივ მეტისმეტად შორს წავიდნენ.
გამოცემა ასევე წერს, რომ 2023 წელს ბრიტანეთის პოლიციამ 12 183 დაკავება განახორციელა – საშუალოდ 33 დღეში – იმ კანონების ფარგლებში, რომლებიც კრძალავს რაიმე „უკიდურესად შეურაცხმყოფელის“ თქმას ან „უბადრუკი, არაეთიკური ან დამაშინებელი ხასიათის მქონე“ შინაარსის გავრცელებას საჯარო კომუნიკაციის ქსელით. ეს 58%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.
WSJ ასევე წერს, რომ ევროპული და ამერიკული შეხედულებები სიტყვის თავისუფლებაზე ერთმანეთს 1960-იანი წლებიდან მოყოლებული აშკარად ასცდა. მაშინ, როდესაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ სიტყვით გამოხატვის დასაცავად მნიშვნელოვანი პრეცედენტები შექმნა, ევროპაში საპირისპირო მიმართულებით მიდიოდნენ – ცდილობდნენ ექსტრემისტული განცხადებების შეზღუდვას.
„ამერიკელებისთვის ნაცისტური გერმანია იყო ადგილი, სადაც სიტყვის გამოხატვა იზღუდებოდა. ევროპელებისთვის კი ნაცისტური გერმანია იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სიტყვის თავისუფლების გამოყენებამ გენოციდამდე მიგიყვანოს“, – უთხრა გამოცემას ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა ერიკ ჰაინცემ.
WSJ გერმანიაში არსებულ ვითარებასაც ეხება და იხსენებს შემთხვევას, როდესაც ნეონაცისტურმა ექსტრემისტმა 2019 წელს ზომიერად კონსერვატორი პოლიტიკოსი ვალტერ ლიუბკე მოკლა, 2020 წლის აგვისტოში კი QAnon-ის თეორიების მიმდევრებმა რაიხსტაგის შტურმი სცადეს.
„გერმანელმა პოლიტიკოსებმა ამაზე პასუხად 1950-იანი წლების ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი კანონი გაამკაცრეს, რომელიც პოლიტიკოსების მიმართ ცილისწამებას კრძალავს. კერძოდ, შემცირდა ზღვარი საჯარო თანამდებობის პირების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციისთვის – ასეთი დანაშაული გერმანიაში შეიძლება ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. სულ რამდენიმე წელიწადში, მუხლი, რომელზეც უმეტეს გერმანელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ხშირად გამოყენებად იარაღად იქცა სიტყვის კონტროლისთვის. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერნეტში სიძულვილის ენის გამოვლენას ეძებენ, ხოლო მინისტრები სპეციალურ კომპანიებს უხდიან იმისათვის, რომ იპოვონ მათ მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები“, – წერს გამოცემა.
გამოცემა აჯამებს, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლება სულ უფრო მეტ შეზღუდვებს აწყდება, რადგან მთავრობები ამკაცრებენ კანონმდებლობებს ე.წ. „აალებადი“ კონტენტის აღკვეთის მიზნით.
Previous: პოლიციამ 9 პირი დააკავა, რომლებსაც არასრულწლოვანზე ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს )ვიდეო)

ასევე დაგაინტერესებთ