ევროპაში ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ზარალი გაორმაგდა – 2029 წლისთვის კი წლიურად €126 მლრდ-ს მიაღწევს (bm.ge)
ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ზარალის რეალური ღირებულების გამოვლენის შემდეგ, ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა იმაზე, რომ ბლოკი კლიმატისა და მდგრადი განვითარების კუთხით საკუთარი ამბიციების შემცირებას ვერ შეძლებს.
კერძოდ, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ახალ ანგარიშში, რომელიც კლიმატურ პირობებთან, ძლიერ სიცხესთან, წყალდიდობასა და გვალვასთან დაკავშირებული ზარალის მოცულობას 1980-2023 წლებში აფასებს, გამოიკვეთა, რომ კლიმატის ცვლილების გაუარესებამ შესაძლოა, საუკუნის ბოლოსთვის ევროკავშირის მშპ 7%-ით შეამციროს, ხოლო თუ გლობალური დათბობა 1.5°C-ს გადააჭარბებს, 2031-2050 წლებში ზარალი 2.4 ტრილიონ ევრომდე გაიზრდება.
EEA-ს კვლევის თანახმად, 1980 წლიდან 1989 წლამდე ევროკავშირში კლიმატთან დაკავშირებული ექსტრემალური მოვლენები წელიწადში დაახლოებით 8.5 მილიარდი ევროს ზარალს იწვევდა. 2020 წლიდან 2023 წლამდე კი წლიურმა ხარჯებმა ყველა დროის მაქსიმუმს, 44 მილიარდ ევროს გადააჭარბა
ეს ნიშნავს, რომ 2020-2023 წლებში ამინდთან და კლიმატთან დაკავშირებული ექსტრემალური მოვლენებით გამოწვეული წლიური საშუალო ზარალი 2.5-ჯერ მეტი იყო 2010-2019 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით..
ამასთან, კვლევის თანახმად ყველაზე დიდი, 40 მილიარდ ევროზე მეტის ზარალი, 2021 წელს ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში მომხდარმა წყალდიდობამ გამოიწვია. 2023 წელს სლოვენიაში წყალდიდობებმა ქვეყანას მთლიანი შიდა პროდუქტის 16% დაუჯდა.
ევროპის ეკონომიკური გარემოს სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი, ტერეზა რიბერას განცხადებით, ანგარიშის დასკვნები „მკაფიო შეხსენებაა“ იმისა, რომ ევროპამ უნდა შეინარჩუნოს სწორი მიმართულება და დააჩქაროს კლიმატისა და გარემოსდაცვითი ამბიციური გეგმების განხორციელება.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ ევროპაში ექსტრემალური ამინდის ზარალი მხოლოდ გაუარესდება და 2029 წლისთვის 126 მილიარდ ევროს მიაღწევს, თუ ვითარება არ შეიცვალა.
გასულ თვეში, მანჰაიმის უნივერსიტეტისა და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) თანამშრომლობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ექსტრემალურმა მოვლენებმა, როგორიცაა სიცხეები, წყალდიდობები და გვალვა, ამ ზაფხულს ევროკავშირის რეგიონების მეოთხედზე მოახდინა გავლენა.
ამ მოვლენებმა წელს სულ მცირე 43 მილიარდი ევროს ოდენობის მოკლევადიანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია და 2024 წელს ევროკავშირის ეკონომიკური მაჩვენებლის 0.26% შეადგინა.
bm.ge
