ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი The Times-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპას 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს.
კალასი ესტონეთის დაზვერვის შეფასებას ეყრდნობა. დაზვერვის მიხედვით, რუსეთს უკრაინასთან ზავის შემთხვევაში, 3-5 წელის დასჭირდება, რათა სამხედრო საფრთხე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განაახლოს. ამიტომ, ესტონეთის პრემიერმინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთს მრავალი წლით ჩამოართვას შესაძლებლობა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს დაემუქროს.
“ჩვენი დაზვერვის შეფასებით, ეს იქნება სამიდან ხუთ წლამდე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს ერთიანობას და პოზიციის შენარჩუნებას უკრაინის მიმართ. იმიტომ, რომ რუსეთს სურს პაუზა და ეს პაუზა სჭირდება რესურსების და ძალების მოკრებისთვის. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს. ამიტომ, სისუსტე რუსეთის პროვოცირებას ახდენს…
რუსეთს არასოდეს წაუგია ბოლო დროს კოლონიური ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ გავიგო, როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს ისტორიული ციკლი და ამის მთავარი ელემენტი ანგარიშვალდებულებაა. ისინი არასოდეს აგებდნენ პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე”, – თქვა კალასმა.
ის ასევე ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, NATO-მ უნდა მიიღოს რუსეთის “შეკავების” სტრატეგია, რომელიც თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს მინიმუმ 2,5%-მდე ითვალისწინებს.