ევროპას არასდროს სურდა ქაოსი ან მაღალი ტარიფები, ეს ცუდი იდეაა, ასევე ყოველთვის ვამბობდით, რომ დავიცავდით ჩვენს ეკონომიკას, ასე რომ, თუ იქნება ტარიფები, ჩვენ ვუპასუხებთ – ემანუელ მაკრონი
ევროპას არასდროს სურდა ქაოსი ან მაღალი ტარიფები, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე საუბრისას აღნიშნა.
როგორც ეგვიპტეში ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, მიაჩნია, რომ ტარიფები ცუდი იდეაა, თუმცა აღნიშნა, რომ საფრანგეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.
„ყველაფერი მარტივია. საფრანგეთსა და ევროპას არასდროს სურდა ქაოსი ან მაღალი ტარიფები. ვთვლით, რომ ეს ცუდი იდეაა და ცუდი პასუხია სავაჭრო დეფიციტზე. ასევე ყოველთვის ვამბობდით, რომ დავიცავდით ჩვენს ეკონომიკას, ასე რომ, თუ იქნება ტარიფები და ისინი 20%-ია, ჩვენ ვუპასუხებთ. მიგვაჩნია, რომ დღევანდელი პრიორიტეტები სხვაა: თუ გვსურს მეტი ბიზნესის წარმოება, უნდა ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები, უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, შრომა, უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციებში და წარმატებას მივაღწიოთ და არა ტარიფები დავაწესოთ. ასე რომ, გვსურს, ვიხილოთ ტარიფების შემცირება“, – განაცხადა მაკრონმა.
1tv.ge
