ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტები მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ თემაზე – „საქართველო და ევროკავშირი“

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ერთად და პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს თემაზე – „საქართველო და ევროკავშირი” განაგრძობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 4-დღიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი ამჯერად 30-მდე სკოლის 40-მდე ახალგაზრდას მასპინძლობს.
მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
„ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს თუ სად ხდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რას აკეთებს პარლამენტი და რა როლი შეაქვს საქართველოსთვის იმ უმნიშვნელოვანეს საკითხში, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია. თქვენ უნდა იცოდეთ რა პროცესს გადის ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ. ამ პროგრამის მიზანი სწორედ ისაა, რომ გვქონდეს ერთმანეთთან დიალოგი. გითხრათ ახალგაზრდებს თუ რას ვაკეთებთ და ასევე, მოვისმინოთ თუ რას ფიქრობთ და მოელით თქვენ”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა მისალმებისას.
მისი თქმით, საინტერესოა იმის მოსმენა თუ რა მოლოდინები აქვს ახალგაზრდა თაობას, როგორც საქართველოს პარლამენტისგან ასევე, ზოგადად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისგან.
„პარლამენტი ყველაზე ღია და ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომი სახელმწიფო დაწესებულებაა და პირველ რიგში, თუკი ვინმეს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა და შესაძლებლობა, რომ გაეცნოს პარლამენტის საქმიანობას – ეს ხართ თქვენ, ჩვენი ახალგაზრდები. ამ პროექტის ფარგლებში არის თემატური დატვირთვა, რაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ჩვენ მივესალმებით ახალგაზრდების ინტერესს და ჩართულობას და დარწმუნებული ვართ, რომ მე ამ ოთხი დღის განმავლობაში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა პარლამენტი შიგნიდან გაიცნოთ და რეალურად ჩამოგიყალიბდეთ ის წარმოდგენები, რაც პარლამენტის ყოველდღიურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მოსწავლეებთან შეხვედრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ახალგაზრდებს ესაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიასა და მიმართულებებზე, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის მნიშვნელოვან როლზე.
„პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დეპუტატებთან და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებთან, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს.ისაუბრებენ ევროკავშირის ინსტიტუტებზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების როლზე.ყურადღება გამახვილდება განათლების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე, მათ შორის ერასმუს+ პროგრამაზე და ზოგადად, განათლების მიმართულებით ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსწავლეების როგორც საკომიტეტო ასევე, პლენარულ სხდომებზე დასწრება.პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
საგანმანათლებლო პროექტი, მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის 100-მდე მოსწავლე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ