ევროპარლამენტში, სახაროვის პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე, მზია ამაღლობელის მიერ ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხეს

დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში – ვისურვებდი ევროპელმა ლიდერებმა ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რაც გააჩნიათ ავტოკრატიულ მმართველებზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი ქართული საზოგადოება, მისი დემოკრატიის და ევროპისკენ სწრაფვა დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას, – ამის შესახებ „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ციხიდან გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომელიც „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრაძემ ევროპარლამენტში წაიკითხა.
როგორც მზია ამაღლობელი წერს, „ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენს ბრძოლაზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი, ევროპის ხალხების და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა“.
„ძვირფასო ევროპარლამენტარებო, ადამიანის უფლებების ამ უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მიღება უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა – მას ვიღებ ჩემი კოლეგების, იმ ჟურნალისტების სახელითაც, რომლებიც დღეს საქართველოში იბრძვიან ჟურნალისტიკის გადასარჩენად. იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობის ხმა გაგაგონონ თქვენ. ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში.
ჩემმა ხალხმა ძალიან გრძელი გზა გამოიარა იმისთვის, რომ ეს ხმა გაგეგოთ, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იდგა . ჩემმა თაობამ კარგად იცის, რომ საქართველოს მტერი ა და ამისთვის ისტორიული წყაროების მოშველიება არ გვჭირდება. საკუთარი თვალით გვინახავს და გვახსოვს საბჭოთა ოკუპაციის წლები, რუსი სამხედროების მიერ ნიჩბებით აჩეხილი და ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველები, გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს ხელახალი ოკუპაცია. რუსეთის მუდმივი მუქარის ფონზე ჩვენ მთელი ძალისხმევა, როგორც შეგვეძლო, სახელმწიფოს განვითარებისკენ მივმართეთ.
არჩევნებში საკუთარი ხმის მნიშვნელობა დავინახეთ, კორუფციის გარეშე უმაღლესი განათლების გარემო შევქმენით, სასამართლოს, მედიის მიუკერძოებლობა მოვინდომეთ, ადამიანის უფლებების დაცვაზე, სახელმწიფოს ვალდებულებასა და მოქალაქის პასუხისმგებლობაზე ვმსჯელობდით.
ამ წლებში საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელმაც რუსულის ნაცვლად ინგლისური და სხვა ევროპული ენები ისწავლა. ევროპამ გაიცნო თანამედროვე ქართველი მწერლები, მხატვრები და რეჟისორები. ჩვენ ვცვლიდით ცოდნას, გამოცდილებას და კულტურას თქვენთან, ევროპასთან. ჩვენ სამსახურები, მეგობრები, საყვარელი ქალაქები აღმოვაჩინეთ და გავიჩინეთ ევროპაში.
დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში. ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. საქართველოს მოქალაქეები წელიწადზე მეტია, უწყვეტად, ქუჩაში აპროტესტებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განცხადებას. ეს განცხადება ნაკვერჩხალს ჰგავდა – საქართველო აალდა და მას შემდეგ ვიწვით.ეს რეჟიმი დაუნდობელია: სცემს, წამლავს, აჯარიმებს, აპატიმრებს და აშანტაჟებს პროტესტის მონაწილეებს. ანადგურებს თავისუფალ ჟურნალისტიკას, აუქმებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ციხეში ამწყვდევს მათ ლიდერებს, ფაქტობრივად აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, იქ დასაქმებულ ადამიანებს კი აგენტებად აცხადებს და როგორც ახლახან BBC-ს საგამოძიებო ფილმით შევიტყვეთ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით წამლავს მოქალაქეებს. თუმცა პროტესტის ჩახშობა მაინც ვერ შეძლო. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირისგან ისეთი ცხადი მხარდაჭერის განცხადებები ისმის ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების მისამართით, როგორც არასდროს. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ.
ვისურვებდი ეს განცხადებები მოქმედებაში გადაიზარდოს და ევროპელმა ლიდერებმა ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რაც გააჩნიათ ავტოკრატიულ მმართველებზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი ქართული საზოგადოება, მისი დემოკრატიის და ევროპისკენ სწრაფვა დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. რადგან საბოლოოდ, ყველაფერი ერთ რამემდე დადის: ახლა უკვე უდავოდ ნათელი უნდა იყოს, რომ ძალა, რომელიც ბელარუსში, სა და საქართველოში ჩადენილი საშინელებების უკან დგას, ევროპის გულს უახლოვდება. ის თქვენი სახლებისკენ მიემართება. ჩვენ კი უბრალოდ წინაღობა ვართ მის გზაზე.
მალე შობას, ახალი წლის დადგომას იზეიმებს ევროპული სამყაროს უდიდესი ნაწილი. ბოლო დღეებია ვფიქრობ, როგორ მიულოცავთ ევროპის, ამერიკის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები დანარჩენ მსოფლიოს. რას ეტყვით მათ მომავალზე? ახალ მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობაზე? ეტყვით, რომ დემოკრატიული მმართველობის და უსაფრთხოების განვრცობა აღარ წარმოადგენს კაცობრიობის სიკეთეს? ეტყვით, რომ ავტოკრატიული და დიქტატორული ძალების შემოთავაზებული „მოჩვენებითი მშვიდობა“ და „საზღვრები“ უნდა მივიღოთ? ეტყვით, რომ ეკონომიკური გავლენებია უპირატესი და არა თანასწორობაზე, სოლიდარობასა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა? რომ საერთაშორისო სამართალმა და ინსტიტუციებმა ძალა დაკარგეს და არაფერი შეუძლიათ, მაშინ, როცა რეპრესიული რეჟიმი თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ღირსებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს ატერორებს, ციხეებში კეტავს ან ემიგრაციას აიძულებს?
და ჩვენ, ვინც რუსეთის საფრთხეს კარგად იცნობს, გეუბნებით, რომ თუ ცივილიზებული სამყარო დაუშვებს, რომ მოსკოვმა ცალმხრივად, თავისი იმპერიალისტური მისწრაფებებითა და კარნახით შეადგინოს ე.წ “სამშვიდობო შეთანხმება” და შეცვალოს საზღვრები, ცხადია, ეს იქნება დაუსრულებელი ომების ანონსი ამ მშვენიერ კონტინენტზე. თუ ჩემი სამშობლოს მსგავსი უძველესი და მცირე ერები და უკრაინისნაირი მებრძოლი, დამოუკიდებელ სახელმწიფოები დარჩებიან რუსეთის ჰიბრიდული ომის, თუ სამხედრო აგრესიის პირისპირ მარტო, ეს იქნება გამოუსწორებელი ისტორიული შეცდომა. ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენს ბრძოლაზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი, ევროპის ხალხების და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა. მე მჯერა თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი ევროპის!“ – ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში, რომელსაც „ბათუმელები“ ავრცელებს.
ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის გამარჯვებულების, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და ბელარუსი ჟურნალისტის, ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ანდჟეი პოჩობუტის სახელით ჯილდო მის ქალიშვილს, იანა პოჩობუტის გადასცეს, მზია ამაღლობელის სახელით კი ჟურნალისტ ირმა დიმიტრაძეს.
ანდჟეი პოჩობუტი და მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულებად მიმდინარე წლის ოქტომბერში დასახელდნენ. პრემიის გამარჯვებულებს 50 000 ევრო გადაეცემათ.