ევროპარლამენტმა უნგრეთის შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღო. უკიდურესად კრიტიკულ დოკუმენტს 345-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს, რომლების დაცვაც აუცილებელია ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს.
ევროპარლამენტი ასევე გმობს უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართულ, მუდმივ და სისტემატურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების ძირის გამოთხრისკენ.
ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ ვიქტორ ორბანის ქმედებებს, რომელმაც დაბლოკა ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი, უკრაინის დახმარების პაკეტთან ერთად. დეპუტატები ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირებაზე საუბრობენ, რათა დასრულდეს ვეტოს უფლების ბოროტად გამოყენება და შანტაჟი.