„ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელება, ოპოზიციონერების პატიმრობის დაგმობა, სანქციების დაწესება, მზია ამაღლობელისა და სხვა „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა – ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი რეზოლუცია მიიღო.
ევროპარლამენტის დღევანდელ სესიას 686 პარლამენტარი ესწრებოდა.
მათგან 490-მა (ანუ 71%-მა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას, 147 წინააღმდეგ წავიდა, 49-მ კი თავი შეიკავა.
რეზოლუცია ეყრდნობა „საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს“ – სადაც თავს იყრის ყველა მწვავე შეფასება თუ ფაქტი, რომლებზე ბოლო წლებში საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკობენ.
ეს არის გაფართოების კონტექსტში პირველი ანგარიში საქართველოზე, როგორც ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაზე – იგი კვლავ ადასტურებს, რომ საქართველო, ქართველი ხალხის მისწრაფებების გათვალისწინებით, იმსახურებს კავშირის წევრობას, თუმცა აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
ძირითად ტექსტთან ერთად ევროპარლამენტმა მიიღო ის შესწორებები, რომლებიც ეხებოდა:
· 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს,
· მზია ამაღლობელს,
· ასოცირების შეთანხმების გადახედვას.
რეზოლუციას დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად.
მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დაზუსტებულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა უარესდება, არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას და „პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება“ – ევროპარლამენტი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
ერთ-ერთმა შესწორებამ კი გაამკაცრა ფორმულირება, რომელიც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვას და ამისკენ მოუწოდა ევროკომისიას.
ამასთან, კენჭისყრაზე ჩავარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფის, „სუვერენულ ერთა ევროპის“ შესწორება, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ეწინააღმდეგებოდა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპარლამენტი „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულ რეზოლუციას განიხილავს, – რაც წლებია, ხდება, – „ქართული ოცნების” წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რეზოლუციებს „ჩალის ფასი აქვს“.
ევროპარლამენტის რეზოლუციები არასავალდებულო, სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა გამოხატავს წევრ ქვეყნებში პოლიტიკური წრეების პოზიციებს;
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის კონკრეტული გადაწყვეტილებები შესაძლოა შეთანხმდეს მომდევნო კვირას ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე.
