ევროპარლამენტი საქართველოში „დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებს“ გმობს და კვლავ საქართველოში საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგით ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის

ევროპარლამენტი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებს გმობს, – ამის შესახებ საქართველოს დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
„ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული პროგრესის შემდეგ, ახლა ევროპარლამენტარები საქართველოს სახელმწიფოს მიტაცების მსხვერპლად მიიჩნევენ და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო ს ჩატარების მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდიან“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
დღეს, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ „საქართველოს 2024 წლის გაყალბებული არჩევნები ავტორიტარული მმართველობის დამყარებისკენ გარდამტეხი მომენტი იყო“.
„მათი თქმით, გაყალბებულმა არჩევნებმა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონოდ ხელში ჩაგდების, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების მიღებისკენ გზა გაუხსნა. ვინაიდან საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტარები საქართველოში საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგით ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებით კვლავ გამოდიან. მსგავსი არჩევნების ორგანიზებამდე, ევროპარლამენტი კვლავაც არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ ერთპარტიულ პარლამენტსა და პრეზიდენტს და მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ მთავარი თანამდებობის პირებისა და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს საქართველოს მიმართ პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისკენ და მოუწოდებენ ევროკომისიას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებას გადახედოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ „საქართველო დემოკრატიული რეფორმების კურსს უნდა დაუბრუნდეს“.
„ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიულ გზასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ და კვლავ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ. ასევე, ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მომავალი ადგილობრივი არჩევნები არ წარმოადგენს იმის შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული პოლიტიკური ოპოზიციონერი ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში არ ჩატარდება. ასევე, ისინი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში არსებული შემზღუდველი მედია გარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების განზრახვის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გამო“, – აღნიშნულია პრესრელიზში.