ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს.
“უკრაინა შთამბეჭდავ ძალისხმევას იჩენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციამ დაადასტურა, რომ უკრაინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მყარი საფუძველი აქვს,” – თქვა მეცოლამ და აღნიშნა, რომ EU-ში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ ევროპული კანონებისა და წესების ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა, ეს ქვეყნის საზოგადოებაში გარდაქმნებს მოითხოვს.
პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა კი აღნიშნეს, რომ ისინი უკრაინის მომავალ გაწევრიანებას ევროკავშირში “გეოსტრატეგიულ ინვესტიციად” მიიჩნევენ.
ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან.