ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს

ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს
კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია. ტრადიციისამებრ, აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარების, ასევე, მის წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის ხელშეწყობის ხედვები.
საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთი რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს – „გაყალბებულად“, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კი „თვითგამოცხადებულად“ მოიხსენიებს. აგრეთვე, პოლიციელებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავმდამსხმელ პირებს, რომელთა მიმართაც დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, „პოლიტიკურ პატიმრებს“ უწოდებს, რითიც სრულად უგულებელყოფს კანონის უზენაესობის სტანდარტებს.
ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავს მოხვევის იარაღად. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადების თანახმად, პაპუაშვილი მოუწოდებს ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირი გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ.
საქართველოს ყოველთვის კონსტრუქციული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში. ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მზად იქნება, ხელახლა ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ საპარლამენტო პლატფორმაში“, – ნათქვამია განცხადებაში.