ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს.
ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი წესები მიზნად ისახავს ლობირების საერთაშორისო ხასიათისა და დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას. წესები ვრცელდება ანაზღაურებადი ლობირების საქმიანობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე ან გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენას. ეს, შეიძლება, მოიცავდეს შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას, კონსულტაციებსა და მოსმენებში ჩართვას, საკომუნიკაციო კამპანიებს (მათ შორის სოციალურ ქსელებში ინფლუენსერების გამოყენებას), დოკუმენტების მომზადებას და კვლევებს. წესები არ ვრცელდება ოფიციალურ სამთავრობო და დიპლომატიურ სამუშაოზე, მედიასერვისებზე, იურიდიულ კონსულტაციასა და აკადემიურ კვლევაზე.
ევროპარლამენტის ინფორმაციის მიხედვით, ევროპარლამენტარებმა შეზღუდეს გარკვეული სფეროებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის დასაცავად – უცხოური ქვეყანა მათ გრანტს ან საბაზისო დაფინანსებას თუ აძლევს, მაგრამ ეს ლობირებასთან არ არის დაკავშირებული, ახალი წესები მათზე არ გავრცელდება.
ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ, ზოგიერთი ქვეყნის „უცხოელი აგენტების“ კანონებისგან განსხვავებით, ეს დირექტივა არ ისახავს მიზნად რაიმე სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ნეგატიურად დასახელებას და არც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას.
ახალი წესების მიხედვით, თითოეული ქვეყანა შექმნის ლობისტების რეესტრს, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანო მართავს და უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს. ეს რეესტრები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ერთიანი პორტალის საშუალებით. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რეესტრში რეგისტრაცია არ უნდა იწვევდეს ლობისტების მიმართ უნდობლობას.
მთავარმა მომხსენებელმა, რუმინეთიდან „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა, ადინა ვალეანმა განაცხადა: „ჩვენ ეს დირექტივა არ მიგვიღია რიტორიკული ეფექტისთვის, არამედ იმიტომ, რომ მოქალაქეებმა ეს მოითხოვეს. მათ სურთ, იცოდნენ, ვისი ხმა და ვისი ფული განსაზღვრავს ჩვენს კანონებს. ევროპელთა 81% შეშფოთებულია მესამე ქვეყნების ფულის გავლენით ჩვენს გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე. ეს დირექტივა პასუხობს ამ შეშფოთებას. დირექტივა არავის ადანაშაულებს, უბრალოდ ითხოვს, რომ ყველაფერი ღიად იყოს“.
ადინა ვალეანმა აღნიშნა, რომ ახალ წესებს მხარი დაუჭირეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა, რაც მიუთითებს, რომ გაითვალისწინეს ფართო სპექტრის ტექნიკური საკითხები, შეშფოთებები და გაუთვალისწინებელ შედეგებთან დაკავშირებული ლეგიტიმური შიშები.
„ამით შევქმენით ინსტრუმენტი ჩვენი დემოკრატიების დასაცავად, დავადგინეთ გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც ყველა მოქალაქე იმსახურებს“, – აცხადებს ადინა ვალეანი.
პროექტს ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა 35 ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა, რვამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ახლა კი პროექტი სტრასბურგში, პარლამენტის სხდომაზე უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის.