ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დე ფაქტოსა და თვითგამოცხადებულს უწოდებს, არ ცნობს მას და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. ამას გარდა, რეზოლუცია ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საპროტესტო აქციებზე ძალადობის შემთხვევების გამოძიებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოუწოდებს.
რეზოლუცია მიმართავს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებსაც, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ასევე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს, როგორც ძალოვნებს, ისე მოსამართლეებს, სანქციები დაუწესონ.
კენჭისყრაზე წარდგენილი ტექსტი მწვანეები-ევროპული თავისუფალი ალიანსის (Verts/ALE), ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D), ევროპული განახლებისა (Renew) და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) ინიციირებული რეზოლუციების საფუძველზე შეიქმნა.
ერთობლივ ტექსტში ვერ მოხვდა ულტრამემარჯვენე სუვერენულ ერთა ევროპის (ESN) რეზოლუციის მონაკვეთები. ევროპარლამენტართა უმრავლესობამ არც მათი წარმომადგენლის, ჰანს ნოიჰოფის შესწორებებს დაუჭირა მხარი. როგორც ESN-ის რეზოლუციის ტექსტი, ისე მათი შესწორებები ქართული ოცნების მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავდა. ENS-ის გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ხელმძღვანელობით შეიქმნა. AfD-ს წევრია თავად ჰანს ნოიჰოფი.
მიღებულ რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “დრამატულად დაჩქარდა”. აქვე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილეს საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები და საქართველოს სულისკვეთება ეუთო-ში, დაირღვა “სამართლიანი არჩევნების დემოკრატიული ნორმები და სტანდარტები”,”შედეგად დაკომპლექტებული “პარლამენტი” და შესაბამისად “პრეზიდენტი” მოკლებული არიან ყველანაირ დემოკრატიულ ლეგიტიმაციას”.
რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის პარლამენტს “დე ფაქტო პარლამენტს” უწოდებს. ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებამ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადაედო, ძირი გამოუთხარა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ტექსტში აღწერილია 28 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეებისადმი პოლიციის არაადამიანურად მოპყრობის ფაქტები და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაც. ხაზგასმულია, რომ საპოლიციო ძალებს არ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. საუბარია 2025 წლის 14 იანვრის შემთხვევაზეც, როცა ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს დაესხნენ ოპოზიციონერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. ნახსენებია 14 იანვარს ოპოზიციონერი ნიკა მელიისა და გიგი უგულავას დაკავების ფაქტებიც, ასევე 12 იანვარს ელენე ხოშტარიას ბათუმში დაკავების ფაქტიც.
დემონსტრანტებისადმი არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან ერთად ხაზგასმულია, რომ “თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ შემოიღო ახალი დრაკონული კანონები”.