ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი (სოციალ-დემოკრატები, ესპანეთი) ამბობს, რომ ერთადერთი, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე მოქმედებს, პერსონალური სანქციებია — “მათ დაიწყეს რეკვები ევროკავშირსა და არასამთავრობოებში და დაინტერესდნენ, რა ბედი ეწეოდათ მათ აქტივებს”.
ევროპარლამენტარი, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში, ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მიიღო კოლეგებისგან ევროკომისიასა და საგარეო ქმედებათა სამსახურში.
„ჩვენ მივიღეთ უნივერსალური გზავნილი. ყველა თანამოსაუბრე ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ამას შეაჩერებდა, პერსონალური სანქციებია. ერთადერთი, რაზეც მათ რეაგირება მოახდინეს, ხალხს დაურეკეს კითხვებით: რა ბედი ეწია ჩემს აქტივს… ჩემს სახლს ესპანეთში… ჩემს შვილებს, რომლებიც ბელგიაში სწავლობენ… ყველა თანამოსაუბრემ, რომელსაც შევხვდით, ისაუბრა ამ ერთადერთ რეაქციაზე, რომელიც წარსულში გვქონდა. რამდენიმე სახელი დასახელდა, რომ მათ დაურეკეს ევროკავშირს და არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით, თუ როგორ შეუძლიათ ამ სიიდან გასვლა“, — განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად და დეტალურად მიჰყვება ავტორიტარული მმართველების სახელმძღვანელოს და შეიძლება, ზოგ ინოვაციასაც ამატებს.
„ქართულმა ოცნებამ“ თქვა, ოპოზიციას ვაუქმებთო. არ უთქვამთ, ერთპარტიული მმართველობა გვექნებაო, მაგრამ რეალურად სწორედ ამას აკეთებენ. მათ აღადგინეს ჩრდილოამერიკული კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ და მას სრულიად განსხვავებული მეთოდით იყენებენ, ვიდრე ამერიკელები. საქართველოში ეს კანონი გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებისთვის და პრობლემების შესაქმნელად ჩვენს საელჩოებში, ყველა საელჩოში, მათ შორის ვატიკანისაც კი. რადგან მათ უნდა გადასცენ ხელისუფლებას ადგილობრივი თანამშრომლების სია, რომლებიც შეიძლება გამოაცხადონ უცხოელ აგენტებად. და თუ ასეთად მიგიჩნევენ, შენი სახელი გამოქვეყნდება, გაბულინგებენ, პრობლემები გექმნება. საელჩოებს შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ პრობლემა არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს უფლება, მიიღოს დაფინანსება უცხოეთიდან. თუ მიიღეს, ყველაფერს რისკავენ“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა ევრონესტის დელეგაციის სხდომაზე.
მან ისაუბრა მაუწყებლობის შესახებ და გრანტების კანონის მსუსხავ ეფექტზეც და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებაზე.
„უბრუნდებიან ტრადიციული შურისძიების მექანიზმებს ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ. შექმნეს საპარლამენტო კომისია, რომელიც იბარებს ოპოზიციურ ლიდერებს. უკვე დაკავებული არიან ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურები და არ ვიცით, ვინ იქნება შემდეგი. ქვეყანაში, რომელსაც აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, ახლა იქმნება ნარატივი, რომ თურმე რუსეთი კი არ შეიჭრა, არამედ თითქოს წინა ხელისუფლებამ მიიწვია. ეს სიგიჟეა, რადგან ეს არის ოკუპირებული ქვეყანა, მაგრამ უფრო და უფრო პრორუსულები ხდებიან ყველა ასპექტში“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა.
