ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ოპოზიციის რეპრესიებსა და საპოლიციო ძალების მიერ ძალის გადამეტებას, ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
განცხადებას ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე.
“ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მზარდ რეპრესიებს დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებულ გამოყენებას. ოპონენტების დაკავებები და ოფისების ჩხრეკები ავტორიტარული რეჟიმების ხელსაწყოების ყუთის ნაწილია და ადგილი არ აქვს ევროკავშირის წევრობის მისწრაფებების მქონე ქვეყანაში. ქართული ოცნება პირდაპირაა პასუხისმგებელი უწყვეტ დემოკრატიულ უკუსვლასა და ქვეყნის ევროპული გზიდან მკვეთრ გადახვევაზე, ხალხის დიდი უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. მიმდინარე პროტესტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამჟამინდელი მმართველობის ქვეშ საქართველოს მომავლის შესახებ ფართოდ გავრცელებული წუხილის ლეგიტიმური გამოხატვაა.
მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს პერსონალური სანქციები დააწესოს ქართული ოცნების იმ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც რომლებიც საარჩევნო დარღვევების ცნობებსა და შემდგომ ქუჩებში გამოსულ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილის სანქციები, რომელიც საბოლოო ჯამში რეპრესიების ტალღასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე პასუხისმგებელი პირია. საქართველოს გაყალბებული არჩევნების ხელახალი ჩატარება სჭირდება, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რაც ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს.
ჩვენ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც რჩება საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მცველად. ევროპული პარლამენტი დგას მამაცი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.