ევროპარლამენტარების ნაწილი EU-ში უნგრეთისთვის ხმის უფლება ჩამორთმევას ითხოვს

ფედერალისტი ევროპარლამენტარები პან-ევროპული პარტია Volt-დან ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან.
POLITICO-ს ცნობით, Volt-ის წევრმა ევროპარლამენტარებმა ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტამდე ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გაუგზავნეს ევროკავშირის ლიდერებს.
Volt-ის გეგმაში, რომელიც POLITICO-მ ნახა, ასევე საუბარია საერთო ევროპული არმიის შექმნასა და ევროკავშირის სრულუფლებიან საგარეო საქმეთა მინისტრად კაია კალასის დანიშვნაზე.
გარდა ამისა, POLITICO-ს ცნობით, Volt-ის გეგმაში ასევე საუბარია ხელშეკრულებების მომზადებაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში ევროკავშირის კომპეტენციებზე და გაერთიანების გაფართოებისთვის მომზადებასთან იქნება დაკავშირებული.
Volt-ს ევროპარლამენტში 5 დეპუტატი ჰყავს და ისინი „მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA )პოლიტიკურ ჯგუფში არიან გაერთიანებული.
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლი ითვალისწინებს ევროკავშირის ღირებულებების დაცვის ორ მექანიზმს: პრევენციული ზომების გატარებას, თუ არსებობს ევროკავშირის ღირებულებების დარღვევის აშკარა რისკი და სანქციებს, თუ ასეთი დარღვევა უკვე მოხდა.
ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ევროკავშირის ხელშეკრულებებში, მაგრამ ეს შესაძლოა, ითვალისწინებდეს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპულ საბჭოში ხმის უფლების შეჩერებას.
ორივე მექანიზმთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ.
გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ხმები განსხვავებულია. იმისათვის, რომ პრევენციული მექანიზმი შემოიღონ, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად წევრი ქვეყნების ოთხი მეხუთედის უმრავლესობა (21 ქვეყანა) სჭირდება. ხოლო დარღვევის არსებობის დასადგენად საჭიროა ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს შორის ერთსულოვნება.
ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელთან დაკავშირებითაც მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა განიხილება, არ მონაწილეობს არცერთ კენჭისყრაში.
უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც ბლოკავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაწილს. მაგალითად, უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს.
ხვალ, 6 მარტს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება, სადაც უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. სამიტამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას მიმართა, რომ დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ევროკავშირსა და რუსეთს შორის ში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ორბანის წერილის თანახმად, ევროკავშირმა უარი უნდა თქვას თავის გეგმაზე, დამატებითი ვალდებულებები აიღოს უკრაინისთვის დახმარების გაზრდის მიზნით. ევროკავშირის ქვეყნები მასზე შეთანხმებას 6 მარტის სამიტზე გეგმავენ.
ევროპული საბჭოს სამიტამდე ერთი დღით ადრე უკრაინის საკითხის განსახილველად საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში მიიწვია.