ევროპარლამენტარებისთვის მიკითხავს, არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე გველაპარაკებით, იგი დამნაშავეა თუ არა – საერთოდ არ მაინტერესებს დამნაშავეა თუ არა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის იყოს გარეთ – ამდაგვარი პოლიტიკური მხარდაჭერაც ჰქონდათ
შეიძლება შენს პოლიტიკურ პარტიას დაეხმარო, ერთგვარი შიდა ლობისტური ურთიერთობებიც გქონდეს და დაამყარო შენს მონათესავე პარტიასთან ევროპარლამენტში, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აკეთო ის, რასაც ესენი [ოპოზიცია] აკეთებდნენ და კადრულობდნენ. ისეთი ამბები გვხვდებოდა ხოლმე წინ, რომ გვეღიმებოდა, – ამის შესახებ დიპლომატმა ვიქტორ დოლიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მას არაერთი არაფორმალური შეხვედრა გაუმართავს ევროპარლამენტარებთან და უკითხავს, რამ გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების მიმართ მათი ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბება
“ტყუილად არ მითქვამს, რომ ეს არ დაწყებულა არც 2014, არც 2015, არც 2016 წელს. ჩვენ ახალი მისულები ვიყავით ჯერ კიდევ, როდესაც მთელი ძალისხმევით ვცდილობთ იმას, რომ მაქსიმალური ინტეგრირება მოგვეხდინა, მაქსიმალური წარმატებები გვქონოდა ამ გზაზე, როგორც რეფორმების, ასევე, პოლიტიკურ კონტექსტშიც. ვითხოვდით, რომ მიგვიღეთ, ჩვენ, საქართველო მზად ვართ ამისათვის – ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა რეფორმა, მზად ვართ, რომ ამ გზაზე ვიყოთ ბოლომდე, ოღონდ, პოლიტიკურად ერთგვარი სიგნალი მაინც მიგვეღო ევროპელი პარტნიორებისგან, რომ ამის პერსპექტივა გვქონდა. ამ დროს, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ რუსული ხელისუფლება ხარ – იმ დროს რეჟიმს არ გვეძახდნენ და ოლიგარქიული ხელისუფლება ხარ, ეს გულდასაწყვეტია.
მე პირადად, არაფორმალურ ვითარებაში მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა და გასაუბრებები ევროპარლამენტარებთანაც კი. მე მიკითხავს მათთან მეგობრულად, რომ თქვენ ასე განვიხილავთ ჩვენ, ჯერ არც დაგვიწყია და არ შევსულვართ ღრმად ჩვენს სამუშაო რეჟიმში, რა გინდათ, რა პრობლემები გაქვთ, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ თითოეული პრობლემა; რაზე გველაპარაკებით, რატომ გაჩნდა ეჭვი – ეს არის მხოლოდ ჩვენი ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ რაიმე ლეგიტიმური პრობლემა შეიძლება გაგაჩნდეთ, რაზეც ჩვენ ვალდებული ვართ რომ პასუხი გაგცეთ,“ – აღნიშნა დოლიძემ.
მან ასევე გაიხსენა ერთ-ერთი არაფორმალური საუბარი „ნაცმოძრაობის“ მონათესავე პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელთან, რომელმაც განუცხადა, რომ არ აინტერესებდა ვანო მერაბიშვილი დამნაშავე იყო თუ არა, ვინაიდან, პოლიტიკური მხარდაჭერის კონტექსტში, მისთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, მერაბიშვილი გარეთ ყოფილიყო.
„მე ასეთი საუბარიც მქონია: არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც, მაგალითად, მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე გველაპარაკებით, იგი დამნაშავეა თუ არა – საერთოდ არ მაინტერესებს, ის დამნაშავეა თუ არა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის EPP-ის (“ევროპის სახალხო პარტია”) მონათესავე პარტია, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის იყოს გარეთ – ამდაგვარი პოლიტიკური სახის მხარდაჭერებიც ჰქონდათ, გეუბნებით ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე და არა ვიღაცის მონაყოლს.“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
Next: გამოხვიდე და ანტისახელმწიფოებრივად, შენი ქვეყნის წინაშე [ევროპარლამენტის] კედლებში აკეთო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აკეთებდნენ, ეს იქნებოდა ცალკეული რეზოლუციები, დეკლარაციების, პოლიტიკური სახის დოკუმენტების მიღება, თუ განცხადებების კეთება, ეს ყოვლად მიუღებელი იყო