საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ანტვერპენში, საერთაშორისო ფესტივალზე “ევროპალია-საქართველო,” ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა გაიმართა. მაყურებელმა ნახა თამო ნასიძის, მეისი ვუდფორდისა და სმილა სნეკერის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი Mud mother. ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი თამარ წულუკიძე დაესწრო. მანამდე, 18 და 19 ოქტომბერს, სპექტაკლი ბრიუსელში გაიმართა.
სპექტაკლის მთავარი იდეა დედის ფენომენს უკავშირდება. თოჯინა, ცეკვა და მუსიკოს თამო ნასიძის ელექტრონული გახმოვანება საინტერესოდ ასახავს დედობის სხვადასხვა ასპექტს: მშობიარობას, ბავშვის კვებასა და მასზე ზრუნვას, დედის ურთიერთობას ახალ სხეულთან, რომელიც მისი სხეულიდან მოდის, ახალშობილის მიმართ პასუხისმგებლობის მძაფრ განცდას, მიჯაჭვულობას, ფიზიკურ გამძლეობას. წარმოდგენის ქორეოგრაფია მეისი ვუდფორდი, მხატვარი და თოჯინის ავტორი – სმილა სნეკერი. თამო ნასიძე პოლიფონიურ სიმღერას თანამედროვე ელექტრონულ მუსიკას უხამებს. პროექტზე მომუშავე ხელოვანები თბილისში მარიონეტების თეატრში გაეცნენ სამუშაო პროცესს და ლეო გაბრიაძისგან მიიღეს პროფესიული რჩევები.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში, 60-მდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.
ევროპის საზოგადოებას, ოთხი თვის განმავლობაში, შეუძლია, ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).