„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.
„საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა, მათ შორისაა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადება და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა შესაძლო დისიდენტის ხმის ჩახშობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების; უმცირესობებზე, კერძოდ, ლგბტ+ თემზე თავდასხმა და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციის თანახმად, იქ, სადაც რუსეთი სამხედრო გზით არ ერევა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ცდილობს. როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, საქართველო ამ მიდგომის საუკეთესო მაგალითია.
რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა კვლავაც უზრუნველყოფს ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მდგრად ჩართულობას დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის შენარჩუნების მიზნით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ნებისმიერი შეჩერების ან გადადების მიუხედავად.
„პოლიტიკური არასტაბილურობის, დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი ავტორიტარიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი გამოწვევების, ასევე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად გამწვავებული გეოპოლიტიკური სირთულეების დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკამ გადამწყვეტი როლი ითამაშა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წესებსა და პრინციპებთან დაკავშირებით ორიენტირის შენარჩუნებაში.
ეფექტური კანონის უზენაესობის, სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ინვესტიციების გაგრძელება ერთადერთი გზაა წარსული მიღწევების შესანარჩუნებლად და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად, რაც მთავარია, გრძელვადიანი, მდგრადი, შეუქცევადი ცვლილებებისა და ევროკავშირთან დაახლოების უზრუნველსაყოფად, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევაში ინვესტიციების გაზრდასთან ერთად“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან ერთად, რუსეთის ძლიერი პოლიტიკური ჩარევა, ანექსიის მცდელობები და ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, როგორებიცაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოში, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას.
„ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკური და ფინანსური სანქციების გამკაცრებისკენ და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვისკენ, ვიდრე ის არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და აღმოსავლეთ კომპონენტის სახელმწიფოებს; ხაზს უსვამს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მდგრადი მშვიდობა და ადამიანური უსაფრთხოება აუცილებელია ევროკავშირისთვის; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ცალსახა მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიმართ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციის თანახმად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს „„ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; ასევე, გმობს „2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც არღვევდა დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს და, შესაბამისად, არ ცნობს „ქართული ოცნების“ პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“.
„რეზოლუცია მკაცრად გმობს მშვიდობიანი პროტესტების სასტიკ ჩახშობას, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების თვითნებურ დაკავებებს, ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ დარღვევებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი; კერძოდ, მოითხოვს სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, მის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნას და გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას, სისხლისსამართლებრივ დევნას; ღრმად წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროპული ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე; აღნიშნავს, რომ ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ, ფაქტობრივად, შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი; აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ განზრახვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ, ფაქტობრივად, დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ მოქმედებას; მოუწოდებს ევროკომისიას და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს, რათა შეაჩერონ იგი მიზნობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ავტორიტარულ ვარდნაზე; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუცია ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რათა დაუყოვნებლივ განხორციელდეს ევროკავშირის ძლიერი და მკაფიო რეაგირება საქართველოში დემოკრატიული წესრიგის მიმდინარე დემონტაჟზე.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ ქართულ მედიას ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, მათ შორის ფინანსურით, რათა შენარჩუნდეს პრესის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, გაზარდოს მხარდაჭერა და გააძლიეროს დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „საქართველოში ჟურნალისტების მიმართ თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და ძალადობის, ასევე ისეთი დრაკონული კანონმდებლობის მიღების გამო, როგორიცაა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი““.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართა, სადაც განმარტებული იყო, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია“. მისივე თქმით, „სინამდვილეში, „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „დროას“ პარტიის წევრები“.

 
				 
								
 
								

