საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა, – ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა გამოიხატება, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადებით და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა შესაძლო დისიდენტის ხმის ჩახშობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების, ასევე უმცირესობებზე, კერძოდ, ლგბტ+ თემზე თავდასხმა და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იქ, სადაც სამხედრო გზით არ ერევა, ცდილობს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას.
„საქართველო ამ მიდგომის ნათელი მაგალითია. აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა აგრძელებს ჩარჩოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მდგრად ჩართულობას დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის შენარჩუნების მიზნით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ნებისმიერი შეჩერების ან გადადების მიუხედავად“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არ აღიარებს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.
„გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით ჩატარდა, შესაბამისად, არ აღიარებს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას; მკაცრად გმობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობას, რიგითი მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების თვითნებურ დაკავებებს და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ დარღვევებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი; კერძოდ, მოითხოვს სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნას და გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და სისხლისსამართლებრივ დევნას“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
დოკუმენტის თანახმად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა სწუხს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიატოვა ევროპული ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზა.
„აღნიშნავს, რომ ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ ფაქტობრივად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი; აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის განზრახვა ფაქტობრივად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ მოქმედებას; მოუწოდებს ევროკომისიას და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს, რათა შეაჩერონ იგი სამიზნე ჯგუფებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს ავტორიტარულ რეჟიმამდე დაცემაზე. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროკომისიის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ჩაერთონ მაღალი დონის დიპლომატიურ თანამშრომლობაში წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან, რათა დაუყოვნებლივ განხორციელდეს ევროკავშირის ძლიერი და მკაფიო რეაგირება საქართველოში დემოკრატიული წესრიგის მიმდინარე დაშლაზე. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ ქართულ მედიას ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, მათ შორის ფინანსურით, რათა შენარჩუნდეს პრესის თავისუფლება და მედია პლურალიზმი საქართველოში.
„გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და მათ მიომართ ძალადობის, ასევე ისეთი მკაცრი კანონმდებლობის მიღების გამო, როგორიცაა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი““, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ძლიერი პოლიტიკური ჩარევა, ანექსიის მცდელობები და ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, როგორიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას.
„ამიტომ, ასამბლეა გამოდის მოწოდებით, გამკაცრდეს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და შეიზღუდოს სავაჭრო ოპერაციები რუსეთის ფედერაციასთან მანამ, სანამ ის არ შეწყვეტს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და აღმოსავლეთ კომპონენტის სახელმწიფოებს, ხაზს უსვამს, რომ მდგრადი მშვიდობა და ადამიანური უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში აუცილებელია ევროკავშირისთვის, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ცალსახა მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიმართ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში, და მხარს უჭერს მათ ძალისხმევას ამ პრინციპების სრულად აღსრულების მიმართულებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.




