„ევროკრედიტმა“ შვეიცარიის impact ინვესტიციების მენეჯმენტ კომპანიისგან 3 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო, რომელიც FINMA-ს მიერ რეგულირდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტი“ აგრძელებს სტრატეგიულ განვითარებას და კვლავ იმსახურებს საერთაშორისო ფინანსური პარტნიორების ნდობას. კომპანიამ მიიღო 3 მილიონი დოლარის დაფინანსება შვეიცარიის impact ინვესტიციების მენეჯმენტ კომპანიისგან — Enabling Qapital (EQ), რომელიც რეგულირდება შვეიცარიის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს (FINMA) მიერ და ცნობილია თავისი ხანგრძლივი გამოცდილებით პასუხისმგებლიანი და ინკლუზიური ფინანსების განვითარებაში განვითარებად ბაზრებზე.
Enabling Qapital (EQ) ამჟამად მართავს 750 მილიონ დოლარზე მეტ აქტივს, რომლებიც მიმართულია მიკროსაფინანსო, ენერგიაზე წვდომისა და ასევე განვითარებადი ბაზრების ობლიგაციებზე. კომპანია აერთიანებს 65-ზე მეტ პროფესიონალს 14 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საუბრობენ 21-ზე მეტ ენაზე და მიზნად ისახავენ ინვესტიციების მეშვეობით არა მხოლოდ ფინანსური და სოციალური ღირებულების, არამედ პოზიტიური ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შედეგების შექმნას.
ევროკრედიტის ახალი პარტნიორობა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესების (SMEs) დაფინანსების გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში.
„Enabling Qapital-ის დაფინანსება ჩვენთვის წარმოადგენს საერთაშორისო ნდობისა და მაღალი სტანდარტების აღიარებას. ეს მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავაფინანსოთ უფრო მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი, წვლილი შევიტანოთ ეკონომიკურ ზრდაში და ხელი შევუწყოთ დასაქმების გაფართოებას,“ — განაცხადა „ევროკრედიტის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნონიკაშვილმა.
CEO-ს კომენტარის შემდეგ, Enabling Qapital-ის საინვესტიციო ოფიცერმა, კუბანიჩბეკ საპიანოვმა, აღნიშნა:
„Enabling Qapital ინვესტირებს იმ ფინანსურ ინსტიტუტებში, რომლებიც ხელს უწყობენ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას. ჩვენი თანამშრომლობა ევროკრედიტთან სრულად შეესაბამება EQ-ის მიზანს — უზრუნველყოს მასშტაბური და ზემოქმედებაზე ორიენტირებული დაფინანსება განვითარებად ქვეყნებში. გვჯერა, რომ „ევროკრედიტს“ აქვს ძლიერი პოტენციალი განაგრძოს ზრდა და გააფართოოს კლიენტთა ბაზა, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას კიდევ უფრო მეტ მიკრო და მცირე მეწარმეს მიაწვდინოს ფინანსური რესურსი ქვეყნის მასშტაბით.“
„ევროკრედიტი“ არის საერთაშორისო Zuk Group-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან და დღეს წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო ინსტიტუტს. კომპანია წარმოდგენილია 16 ქალაქში, ფლობს 22 ფილიალს და აერთიანებს დაახლოებით 200 თანამშრომელს.
Enabling Qapital-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ადასტურებს „ევროკრედიტის“ სანდოობას, გამჭვირვალე საქმიანობასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ხედვას. ეს თანამშრომლობა ასახავს EQ-ის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც აფართოებენ ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობენ ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას.