ევროკომისიის წარმომადგენელი გიომ მერსიე POLITICO-სთან ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ დაუკავშირდა და უკრაინის მთავრობისგან განმარტებები მოითხოვა.
ევროკომისიის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ უკრაინისგან, როგორც ევროკავშირის კანდიდატობის წევრი ქვეყნისგან, ევროპა სტანდარტების სრულ დაცვას ელის და კომპრომისებს არ დაუშვებს.
„ევროკომისიის პრეზიდენტი დაუკავშირდა პრეზიდენტ ზელენსკის ამ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება ცვლილებების შედეგებთან დაკავშირებით და უკრაინის მთავრობისგან განმარტებები მოითხოვა. კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციასთან ბრძოლა ევროკავშირის ძირითადი ფასეულობებია. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან ველით ამ სტანდარტების სრულ დაცვას – კომპრომისი გამორიცხულია”, – განაცხადა წარმომადგენელმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა წინააღმდეგობრივ კანონს, რომელიც ზღუდავს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) დამოუკიდებლობას და მათ უქვემდებარებს გენერალურ პროკურორს.
რადის მიერ კანონპროექტის მიღებას, პირველად 3-წლიანი ომის განმავლობაში, მოჰყვა მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ პრეზიდენტს კანონპროექტისთვის ვეტო დაედო, თუმცა გვიან ღამით მან დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმამ, სერიოზული შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული სტრუქტურების შემზღუდავი კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
„ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დამცველი ძირითადი მექანიზმების მოშლა სერიოზული უკუსვლა იქნება. დამოუკიდებელი ორგანოები, როგორიცაა NABU და SAPO, აუცილებელია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კანონის უზენაესობა კვლავაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში რჩება“, — დაწერა კოსმა.
მოგვიანებით ევროკომისარმა თქვა, რომ გულწრფელი დისკუსია ჰქონდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან და მის მოადგილესთან. გაიმეორა შეშფოთება კანონის უზენაესობის სფეროში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და თქვა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან თანამშრომლობას კანონის უზენაესობის აუცილებელ რეფორმებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესზე.
