„ევროკავშირისკენ სვლის პროცესი არ უნდა იყოს მხოლოდ იურიდიული ფორმალობა, არამედ გარდამქმნელი მოგზაურობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა ჯგუფის ლიდერი აგატა ნიბოიმ.
ის სიტყვით გამოვიდა რეგიონულ კონფერენციაზე, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“, სადაც ევროინტეგრაციის პროცესში კანონის უზენაესობის მთავარ როლზე ისაუბრა.
„გულწრფელად, ეს არ არის ცხრა ნაბიჯი. ეს არის უფრო მეტი ნაბიჯი ცხრა ნაბიჯის ფარგლებში. მე ვფიქრობ, რომ კოლეგები [ევროკავშირიდან] ცდილობდნენ, რომ უფრო მოკლე ყოფილიყო [რეკომენდაციები], მაგრამ ზოგიერთი ნაბიჯის ფარგლებში არის ბევრი სხვა აქტივობა, რომელიც უნდა განხორციელდეს“, — თქვა მან.
აგატა ნიბოიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა არის ევროკავშირის წევრობის მთავარი მოთხოვნა.
„იმ ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა უზრუნველყონ, რომ მათი სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ეს მოიცავს, მაგალითად, მართლმსაჯულებაზე გარანტირებულ ხელმისაწვდომობას, სამართლიან სასამართლო პროცედურებს, სასამართლოს ადეკვატურ დაფინანსებას და სხვა. ქვეყანამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ თანამდებობის პირები და გადაწყვეტილების მიმღებნი პასუხისმგებელნი იყვნენ კანონის წინაშე და მკაფიო პოზიცია დაიკავონ კორუფციის წინააღმდეგ“, — განაცხადა ნიბოიმ.
ამასთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი, ნიბოის თქმით, გამჭვირვალედ, ეფექტიანად და სამართლიანად უნდა წარიმართოს.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ კანონის უზენაესობისადმი ერთგულება, არა მხოლოდ პრინციპის დონეზე, არამედ პრაქტიკაში“, — თქვა მან.
აგატა ნიბოიმ აღნიშნა, რომ გამოწვევები ტრიოს ქვეყნებში (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) საკმაოდ მსგავსია და სამივე ქვეყანამ მიაღწია გარკვეულ პროგრესს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში. ამასთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით ევროკომისიის შეფასება 2024 წლის მარტში გადაიხედება, საქართველოსთვის კი შემდეგი პრინციპული თარიღი 2024 წლის შემოდგომა იქნება, თუ ევროპული საბჭოს სამიტზე დეკემბერში სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
ევროკომისიამ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გადადგამს 9 ნაბიჯს:
რა პირობებით მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი