ევროპარლამენტმა ოთხშაბათს დაამტკიცა ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ორგანოს, ევროპის კომისიის ახალი შემადგენლობა. ამ გადაწყვეტილებას მხარი 370-მა დეპუტატმა დაუჭირა, ძირითადად მემარჯვენე-ცენტრისტებმა, მემარცხენე-ცენტრისტებმა და ლიბერალებმა. წინააღმდეგი იყო 282 დეპუტატი, ძირითადად იმ ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამ მოწვევის ევროპარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენენ (მემარჯვენე პოპულისტები და ნაციონალისტები, ნაციონალ-კონსერვატორები, მემარცხენეები). 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
კომისიას კვლავ უხელმძღვანელებს გერმანიის წარმომადგენელი ურსულა ფონ დერ ლაიენი. კომისიის შემადგენლობაში შევიდა 26 ადამიანი – ევროკავშირის ყოველი წევრი ქვეყნიდან თითო წარმომადგენელი. მისი შემადგენლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა უნდა მოიწონონ, მაგრამ ყველა კანდიდატურის შეთანხმების შემდეგ ეს ნაბიჯი ფორმალობაა. ევროკომისიის ახალი შემადგენლობა 1 დეკემბერს შეუდგება მუშაობას.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენლის პოსტს ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს. ამ თანამდებობაზე ის ჯოზეფ ბორელს შეცვლის. დეპუტატების წინაშე გამოსვლისას კალასმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს რუსეთის შეკავებისა და უკრაინის დახმარების კურსს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც უკვე მეორედ გახდა ევროკომისიის ხელმძღვანელი, 27 ნოემბერს თავის გამოსვლაში პირველ რიგში შეეხო უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებს. მან აღნიშნა ევროკავშირის „სტრატეგიული დამოუკიდებლობის“ მნიშვნელობა, მათ შორის – რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტისგან. მან ასევე კვლავ მოუწოდა ევროკავშირის წევრებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
პირველად გაჩნდა ევროკომისიის წევრის თანამდებობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავდაცვასა და თავდაცვით მრეწველობაზე. ეს თანამდებობა დაიკავა ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა. მან განაცხადა, რომ 100 დღის განმავლობაში წარმოადგენს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის პროექტს. კუბილიუსი ცნობილია აქტიური პოზიციით უკრაინის დახმარების საკითხში.
ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რეგიონული დაფინანსებისა და რეფორმების კომისარი გახდა იტალიის წარმომადგენელი რაფაელე ფიტო. ის წარმოადგენს იტალიელ მემარჯვენეებს, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მომხრეებს. „დოიჩე ველე“ მას უწოდებს „მემარჯვენე ყაიდის პირველ პოლიტიკოსს, რომელმაც ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობა მიიღო ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში“. ფონ დერ ლაიენი იძულებული იყო, მის კანდიდატურას დათანხმებულიყო, რათა უზრუნველეყო ევროკომისიის ახალი შემადგენლობის მიმართ იტალიის მხარდაჭერა. თავის მხრივ, პირველად გააკრიტიკეს ესპანეთის წარმომადგენლის, ტერესა რიბერას კანდიდატურა. ის კლიმატის საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.