ევროკომისია EU-ის ელექტროქსელების განახლების €1.2 ტრილიონიან გეგმას წარადგენს (bm.ge)

Euronews-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია აპირებს წამოიწყოს პროექტი, რომლის ღირებულებაც თითქმის 1.2 ტრილიონ ევროს შეადგენს. პროექტის მიზანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ქსელური ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის პროექტებისა და ენერგიის შემნახველი სისტემებისთვის ნებართვების გაცემის დაჩქარებაში დაეხმაროს, რათა ბლოკის ელექტროქსელის მოდერნიზება მოხდეს.
დოკუმენტის მიხედვით, წევრი სახელმწიფოები და ინდუსტრიის წარმომადგენლები, აქტიურად მოუწოდებენ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს ნებართვების გაცემის პროცესის დაჩქარებისკენ, რადგან განახლებადი ენერგიის პროექტების დამტკიცებას შესაძლოა ცხრა წლამდე დასჭირდეს, რაც შეფერხებებსა და დამატებით ხარჯებს იწვევს.
27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის ელექტროქსელის განახლების მომავალი გეგმის ფარგლებში, ევროკომისიამ რვა პროექტი გამოყო, რათა „გააძლიეროს არსებული სტრუქტურები“ და „უზრუნველყოს რესურსები“. მიზანი მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში „ხელშესახები პროგრესის“ მიღწევაა. ეს პროექტები მოიცავს ელექტროენერგიის ინტერკონექტორის, საწყობებისა და წყალბადის ინფრასტრუქტურას.
გეგმა ფოკუსირებულია ქსელურ კავშირებზე, პირენეების გავლით, რათა იბერიის ნახევარკუნძულის უკეთესი ინტეგრაცია მოხდეს; ასევე, კვიპროსის კონტინენტურ ევროპასთან დაკავშირებასა და ლიეტუვისა და პოლონეთის შეერთების გზით ბალტიისპირეთის ქვეყნების ქსელში ჩართვაზე.
კომისია ასევე გეგმავს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ენერგიის შენახვის შესაძლებლობების გაზრდას და კოორდინაციის ხელშეწყობას „სამხრეთის წყალბადის დერეფნის“ განვითარებისთვის, რომელიც ტუნისს, იტალიას, ავსტრიასა და გერმანიას დააკავშირებს.
ბლოკი სამართლებრივად ვალდებულია, 2050 წლისთვის კლიმატურ ნეიტრალურობას მიაღწიოს, რის გამოც განახლებადი ენერგიის წარმოებაში დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული. თუმცა ელექტროენერგიის გადაცემის მოძველებული ინფრასტრუქტურა განახლებადი ენერგიის პროექტების უზარმაზარ რიგს აჩენს, რომლებიც ქსელთან მიერთებას ელოდებიან.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს გათვლებით, 2040 წლისთვის ბლოკის ქსელური ინფრასტრუქტურის განახლებას კოლოსალური თანხა – 1.2 ტრილიონი ევრო დასჭირდება.
კომისიის ვარაუდით, გამანაწილებელი ქსელის ინვესტიციებისთვის დაახლოებით 730 მილიარდი ევრო იქნება საჭირო, ხოლო გადამცემი ქსელებისთვის – 477 მილიარდი ევრო.
დაფინანსების სტრუქტურა ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა, საჭირო ინვესტიციის მასშტაბის გათვალისწინებით, ევროკავშირს მოუწევს სხვადასხვა ვარიანტის გამოყენება, მათ შორის: ევროკავშირის ფონდები, ეროვნული ბიუჯეტები, კერძო ინვესტიციები და ხარჯების განაწილება.
bm.ge