ევროკომისია უნგრეთის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი, ერიკ მამერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების ფონზე, პრეზიდენტმა (ურსულა ფონ დერ ლაიენმა) გადაწყვიტა, რომ ევროკომისია უმაღლესი საჯარო მოხელეების დონეზე მხოლოდ საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე იქნება წარმოდგენილი“- აცხადებს ერიკ მამერი.
მისივე თქმით, ასევე გაუქმდა ევროკომისიის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში.
ევროკომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში კიევში, რუსეთსა და პეკინში ვიზიტები, რამაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
