ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის შესახებ წინადადების პროექტი გაუგზავნა, რომელიც შეიცავს შეზღუდვებს რუსეთიდან თხევადი გაზის (LNG) იმპორტზე, თუმცა სრული ემბარგო არ იგეგმება.
პაკეტში საუბარია რუსული LNG-ის ევროპის პორტებში გადაზიდვის აკრძალვაზე, საიდანაც იგი შემდეგ იგზავნება მთელ მსოფლიოში. აქ ლიდერები არიან ბელგია და მისი პორტი ზეებრუჯი, მაგრამ რუსული LNG-ის ყველაზე მსხვილ მიმღებთა შორის ასევე არიან საფრანგეთი და ესპანეთი. გარდა ამისა, სანქციები გავრცელდება რუსეთის LNG პროექტებზე „არქტიკა“ და „მურმანსკი“.
კომისიას ასევე სურს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციის ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ რამდენიმე გემზე, რომლებიც ევროკავშირის შეზღუდვების მიუხედავად რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენენ. მათ ევროპის პორტებში შესვლა აეკრძალებათ.
ასევე, წინადადების თანახმად, სატრანსპორტო კომპანიებს, რომელთა მინიმუმ მეოთხედს რუსები ფლობენ, ევროკავშირში მუშაობა აეკრძალებათ.
კომისიამ ასევე მოამზადა სანქციების სია 50-ზე მეტი კომპანიისთვის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ექვემდებარებიან სავაჭრო შეზღუდვებს. ისინი რუსეთს აწვდიან დასავლურ კომპონენტებს და ეხმარებიან სანქციების გვერდის ავლაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციები გავრცელდება კომპანიებზე ჩინეთიდან, ჰონკონგიდან, თურქეთიდან და ყირგიზეთიდან.
ასევე აიკრძალება რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების დაფინანსება.
ევროკომისიის შეთავაზებაშია უკრაინული ხელოვნების ნიმუშების ევროკავშირის ბაზარზე გაყიდვის აკრძალვაც, თუ არსებობს ეჭვი, რომ ისინი შესაძლოა ნაძარცვი იყოს.
პროექტში არ არის აკრძალული ალუმინის იმპორტი, მაგრამ აკრძალულია ჰელიუმის შეტანა.
რაც შეეხება ექსპორტის აკრძალვას, ეს შეეხება მანგანუმის საბადოს, სამთო მანქანებს, მონიტორებსა და ელექტრონიკას.
აპრილში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა დაადასტურა, რომ ევროკავშირმა დაიწყო მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო, მეთოთხმეტე პაკეტზე.
რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების წინა, მე-13 პაკეტი, ევროკავშირის საბჭომ 23 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე დაამტკიცა.