ევროკომისია რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს სპეციალურ ანგარიშებზე დაბლოკავს

ევროკომისიამ ევროკავშირში დაბლოკილი რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების გაყინვის სქემა წარადგინა. ამის შესახებ ევროპული ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილე ვერა იუროვამ განაცხადა, რასაც Euractiv ავრცელებს.
მისი თქმით, კომისიამ შეიმუშავა „წინადადება ევროკავშირში ს ცენტრალური ბანკის აქტივებიდან მიღებული შემოსავლების იმობილიზაციის შესახებ.“ ევროკომისია, ასევე, რეკომენდაციას უწევს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ასეთი აქტივებიდან მიღებული ყველა შემოსავალი ცალკეულ ანგარიშებზე გადაიტანონ. ეს ნიშნავს „ევროკავშირში დაბლოკილი ცენტრალური ბანკის აქტივებიდან სფთა მოგების იმობილიზაციას და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომ მომავალში ამ მოგების გამოყენება შესაძლებელი გახდეს.“
სქემა მას შემდეგ შემუშავდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა ევროკომისიას მოუწოდეს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის აღსადგენად გამოყენების სამართლებრივი გზები გამოეძებნა. ეს რომ შესაძლებელი გახდეს, ცენტრალურმა დეპოზიტარებმა ასეთი შემოსავლები ცალ-ცალკე უნდა დაარეგისტრირონ, რათა ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში მათი იდენტიფიცირება მოხდეს.
ევროკომისიის ცნობით, ევროკავშირში უკვე რუსეთის ბანკის, დაახლოებით, 200 მლრდ ევროს რეზერვი არის გაყინული.
ამასთან, ევროკომისიის წინადადების პროექტი რუსეთის გაყინულ სუვერენულ აქტივებზე მოგების გადასახადის გამოყენების მექანიზმს მოიცავს. კერძოდ, დოკუმენტში „ნაბიჯი 0“ განსაზღვრავს, თუ რომელ გაყინულ სახსრებს შეეხება ეს მექანიზმი; „ნაბიჯი 1“ ამ აქტივებზე მუშაობის პროცედურას ადგენს, ხოლო „ნაბიჯი 2“ გაყინული სახსრებიდან მიღებული სუფთა შემოსავლის ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტში გადატანასა და უკრაინისკენ მიმართვას ითვალისწინებს.
პროექტში წერია, რომ ევროკავშირი ამ საგადასახადო შემოსავლებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 15 მლრდ ევროს მიღებას მოელის.
Euractiv-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები კომისიის წინადადებას 14 დეკემბრის სამიტზე განიხილავენ.
bpn.ge