ევროკომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრალდება, რომლის მიხედვითაც კომისიის წარმომადგენელი მას ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა, “სიმართლე არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.
ამასთან ერთად ევროკომისიის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ კობახიძეს მისი “ამაზრზენი ბრალდების” დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო “ფორმალური უარყოფა მალეა მოსალოდნელი.”
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა. ის არ ასახელებს, რომელ ევროკომისარზეა საუბარი.
კობახიძე წერს, რომ ევროკომისარმა სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო უხსენა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ და ესროლეს.
ის კვლავ თავს ესხმის უცხოელ პარტნიორებს და ამბობს, რომ ისინი “ღია შანტაჟს არ ერიდებიან”.
თავის პოსტში კობახიძე ამჯერადაც გლობალური ომის პარტიას ახსენებს და ამტკიცებს, რომ რობერტ ფიცოზე თავდასხმის უკან მისი კვალია.
“[…] თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – “ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”, – წერს კობახიძე.