ევროკომისია ისრაელურ საქონელზე ტარიფების ხელახლა დაწესებას გეგმავს

ევროკომისია, ღაზაში ომისა და დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე დარღვევების საპასუხოდ, დან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადების ხელახლა დაწესებას გეგმავს, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გამოცემასთან ინტერვიუში დაადასტურა ისრაელ-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების შეჩერების სტრატეგია.
მისი განმარტებით, ევროკავშირსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 42.6 მილიარდ ევრო შეადგინა და შეღავათიანი რეჟიმი ამ მაჩვენებლის დაახლოებით 37%-ს შეადგენს.
„ეს მნიშვნელოვანი თანხაა და როდესაც საქმე შეღავათიან რეჟიმს ეხება, ამ ვაჭრობის 37%-ს ნამდვილად აქვს შეღავათიანი რეჟიმი. ასე რომ, ამ ნაბიჯს ნამდვილად მაღალი ფასი ექნება ისრაელისთვის“, – განუცხადა კალასმა „ევრონიუსს“.
ევროკომისია წინადადებებს ოფიციალურად ხვალ უნდა დაეთანხმოს.
„ევრონიუსი“ წერს, რომ საკითხზე შეთანხმება წევრი სახელმწიფოების კვალიფიციურ უმრავლესობას შორის უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმატების მისაღწევად, ამ წინადადებას მხარი სულ მცირე ერთ-ერთმა დიდმა ქვეყანამ – გერმანიამ ან იტალიამ – უნდა დაუჭიროს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ორივე ქვეყანა ბლოკავს ევროკავშირის დონეზე წარდგენილ ყველა წინადადებას, რომლის მიზანი ისრაელზე ზეწოლის მოხდენაა.
კალასის თქმით, თუ ქვეყნები, რომლებიც ბლოკავენ ზომებს, არ დაეთანხმებიან მაგიდაზე არსებულ გეგმას, მათ ალტერნატივები უნდა წარმოადგინონ.
„მიიღებენ თუ არა მას ევროპულ საბჭოში? საგარეო საქმეთა საბჭოში ძალიან ინტენსიური დისკუსიები გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ჩემი კითხვა ყველა კოლეგის მიმართ, რადგან ეს მხოლოდ გერმანიას არ ეხება, იყო ის, რომ თუ თქვენ ეთანხმებით დიაგნოზს, რომ სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, სიტუაცია კატასტროფული და დაუჯერებელია, მაშინ კითხვა ასეთია: რა ვქნათ ამასთან დაკავშირებით? თუ თქვენ არ დაუჭერთ მხარს ამ ზომებს, მაშინ რა ზომებს შეგიძლიათ დაუჭიროთ მხარი? წარმოადგინეთ ალტერნატივები“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ