ევროკომისია ბულგარეთს, ანტიკორუფციული კომისიის რეფორმის შეუსრულებლობის გამო, 200 მილიონი ევროს გამოყოფას უჩერებს

6 ოქტომბერს ევროკომისიამ დაადასტურა, რომ „აღდგენისა და მდგრადობის“ პროექტით გათვალისწინებული ტრანშის მეორე ნაწილის გადახდას ბულგარეთს დროებით უჩერებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ანტიკორუფციული კომისიის საქმიანობის რეფორმის შეუსრულებლობაა. ევროკომისიამ დაბლოკილი თანხის ოდენობის გამჟღავნებაზე უარი თქვა, თუმცა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, ტომისლავ დონჩევმა უკვე განაცხადა, რომ საუბარია დაახლოებით 200 მილიონ ევროზე.
გასული თვის ბოლოს ევროპარლამენტის ფრაქციამ „განაახლე ევროპა“ ევროკომისიას გაუგზავნა წერილი, რომლითაც ბულგარეთისთვის გადახდების შეჩერება მოითხოვა ვარნას მერის, ბლაგომირ კოცევის დაპატიმრებისა და მის მიერ „ანტიკორუფციული კომისიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების“ გამო.
2025 წლის 23 ივლისს ბულგარეთმა 653 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშის გადახდის მოთხოვნა წარადგინა. ევროკომისიამ დაადგინა, რომ 59 საკვანძო პუნქტიდან 58 შესრულებულია და მხოლოდ ანტიკორუფციული კომისიის რეფორმირების მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. ბულგარეთს ერთი თვე აქვს ევროკომისიის შეფასებაზე საპასუხოდ. თუ ამის შემდეგ კომისია კვლავ მიიჩნევს, რომ ეტაპი არ არის დასრულებული, ის გადახდას დროებით კვლავ შეაჩერებს. ამის შემდეგ ქვეყანას ექვსი თვე მიეცემა ზომების მისაღებად და მოთხოვნების შესასრულებლად. საკვანძო ეტაპის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თანხის გადახდა შესაძლებელი გახდება.
ბულგარეთის „აღდგენისა და მდგრადობის განმტკიცების პროგრამა“ ინვესტიციების მოზიდვას და და რეფორმების ფართო სპექტრს ითვალისწინებს. პროგრამა 6.17 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტებით ფინანსდება.
წყარო: 1 არხი