ევროკავშირი ეჭვობს, რომ Telegram გაერთიანების ტერიტორიაზე მომხმარებელთა რაოდენობას ხელოვნურად ამცირებს. ამ მანიპულაციისთვის მესინჯერს შესაძლოა იმ მიზნით მიემართა, რომ ციფრული სერვისების ბაზრის შესახებ კანონის შესაბამისად უფრო მკაცრი რეგულაციების ქვეშ არ მოხვედრილიყო. ამის შესახებ Financial Times (FT) წერს.
Telegram–ის საქმეზე „ტექნიკური გამოძიების“ შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა თომას რენიემ განაცხადა. თებერვალში მესინჯერის ადმინისტრაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ევროკავშირის ტერიტორიაზე 41 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავდათ. ამ მაჩვენებელმა მესინჯერი ძალიან მსხვილი ონლაინ–პლატფორმების სიაში (VLOP) არ მოახვედრა. ეს რიცხვი აგვისტოში უნდა გადამოწმებულიყო, თუმცა ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მათ კანონით დადგენილ 45 მილიონზე ბევრად ნაკლები მომხმარებელი ჰყავთ.
ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ ამ მონაცემების გადამოწმებისთვის დამოუკიდებელი ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნიათ და თუ მომხმარებელთა რაოდენობა უფრო მაღალი აღმოჩნდება, მესინჯერს ცალმხრივად შეიყვანენ ძალიან მსხვილი ონლაინ–პლატფორმების სიაში. ასეთი სტატუსი კი უფრო მკაცრ ვალდებულებებს და კონტენტის მოდერაციას აკისრებს მესინჯერს, მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლას. ასევე, რეგულაცია ევროკომისიასთან მონაცემების გაცვლასაც ავალდებულებს Telegram–ს.
Telegram–მა ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და უბრალოდ მესინჯერიდან, რომელიც დაშიფრული შეტყობინებების გაცვლას ითვალისწინებდა, სოციალურ და სამაუწყებლო ქსელად გარდაიქმნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით მათი მომხმარებლების რაოდენობა 1 მლრდ–ს უახლოვდება.
ევროკომისიის მიერ ინიციირებული შემოწმება საფრანგეთში Telegram–ის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი გამოძიების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც ქსელის დამფუძნებლის, მილიარდერი პაველ დუროვის დაკავება მოჰყვა. იგი პარიზის აეროპორტში აიყვანეს. ოთხშაბათს საღამოს მას 6 მუხლით წაუყენეს ბრალდება, მათ შორის ნარკორეალიზაციისა და საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელების ხელშეწყობა. დუროვს საფრანგეთის დატოვება აეკრძალა. საპატიმროდან 5 მლნ ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
Telegram–ში აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ „დუროვს დასამალი არაფერი აქვს“, პლატფორმა ევროკავშირის კანონმდებლობას იცავს.
gbc.ge
