ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების უზრუნველყოფის შესახებ პროექტი წარუდგინა, რომელსაც ევროკავშირის ელჩები მიმდინარე კვირაში, ხოლო ლიდერები მომავალ სამიტზე, დეკემბერში განიხილავენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
პროექტი ასევე საფუძვლად დაედება კონსულტაციებს კიევსა და G7-ის ქვეყნებს შორის. დიდი შვიდეულის წევრები ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივ ვალდებულებებზე მოლაპარაკებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავებას.
თავის მხრივ, უკრაინამ აიღო ვალდებულება გააგრძელოს რიგი რეფორმები, მათ შორის სამართალდამცავი, სასამართლო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებში. კიევის ზოგიერთი მთავარი მოკავშირე ორმხრივ შეთანხმებებზე მუშაობს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ჩარჩო დოკუმენტი მიზნად ისახავს დაეყრდნოს ამ ორმხრივ შეთანხმებებს და მოიცავს შემდეგ წინადადებებს:
· პროგნოზირებადი, ეფექტური, მდგრადი და გრძელვადიანი მექანიზმი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისთვის ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მობილიზება;
· უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების უზრუნველყოფა;
· უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაღრმავება შესაძლებლობების გაძლიერებისა და სტანდარტების ჰარმონიზაციის მიზნით;
· უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერება კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით;
· უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერა განაღმვისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ნარჩენებით გამოწვეული დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად;
· დახმარება უკრაინაში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელებაში, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის, მსუბუქი იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგების კონტროლისა და ნებისმიერი უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაში;
· ქვეყნის ენერგოტრანზიციისა და ბირთვული უსაფრთხოების ძალისხმევის მხარდაჭერა;
· დაზვერვისა და სატელიტური სურათების გაზიარება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ იარაღის მიწოდების მხარდაჭერა გაგრძელდება ე.წ. ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.