უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 34-ე წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, ევროკავშირმა უკრაინისთვის 4,05 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო და კიევს განუხრელი მხარდაჭერის მორიგი ძლიერი სიგნალი გაუგზავნა.
ამ თანხაში შედის 3,05 მლრდ ევრო „უკრაინის ფონდის“ ფარგლებში და 1 მლრდ ევრო მოდის ევროკომისიის მაკროსაფინანსო დახმარების საგანგებო პროგრამაზე.
ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, 22 აგვისტოს განაცხადა: „მაშინ, როცა უკრაინა თავისი დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს, ევროკავშირი მკაფიო სიგნალს გზავნის: უკრაინის მიმართ ჩვენი სოლიდარობა ურყევია. დღეს 4 მლრდ ევროს გამოყოფა ნათელყოფს ჩვენს მტკიცე ერთგულებას. ეს ახალი დაფინანსება წარმოაჩენს არა მხოლოდ ჩვენს ერთგულებას უკრაინის აღდგენისადმი, არამედ მისი როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლისადმი. ვინაიდან, როცა უკრაინა ძლიერია, ევროპაც უფრო ძლიერია“.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მოკიდებული ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა 168,9 მლრდ ევროს მობილიზება მოახდინეს ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარების სახით.
შაბათს ევროკომისიამ 3 მლრდ ევროზე მეტი მორიგი დახმარება გამოყო უკრაინისთვის.
ამ უკანასკნელი ტრანშის გათვალისწინებით, უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებამ ფონდის ფარგლებში 22,7 მლრდ ევროს მიაღწია 2024 წლის 1 მარტიდან მოყოლებული. ეს თითქმის 60% არის იმ სახსრებისა, რომლებიც კიევისთვის არის ხელმისაწვდომი „უკრაინის ფონდის“ ფარგლებში.
ეს არის მეოთხე მორიგი კვარტალური დახმარება, რომელზეც ევროკომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინაში წარმატებით გატარებული 13 რეფორმის საფუძველზე. მათგან საკვანძო მნიშვნელობისაა რეფორმები, რომლებიც ეხება სახელმწიფოს მართვას, სახელმწიფო აქტივების მართვას, ადამიანურ კაპიტალს, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას, ციფრული და აგროსასურსათო სექტორების რეგულირებას, ასევე კრიტიკული მნიშვნელობის ნედლეულის მართვას.
ევროკავშირი თავის განცხადებაში მაღალ შეფასებას აძლევს უკრაინაში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის აღნიშნულია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და უმაღლესი რადის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის აღდგენა. უკრაინისთვის მორიგი საფინანსო დახმარების გამოყოფის თაობაზე განცხადებაში ევროკავშირმა საგანგებოდ აღნიშნა ამ ორი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა უკრაინის ანტიკორუფციული არქიტექტურისა და ქვეყნის ევროპული გზისთვის.
გარდა ამისა, ევროკომისიამ უკრაინას გამოუყო თავისი მაკროფინანსური საგანგებო კრედიტის მორიგი ტრანში 1 მლრდ ევროს ოდენობით. ამგვარად, ევროკომისიის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში უკრაინის დაკრედიტების საერთო მოცულობამ 9 მლრდ ევროს მიაღწია მიმდინარე წლის დასაწყისიდან და ავსებს დახმარების სხვა ინსტრუმენტების ფარგლებში მხარდაჭერას.
ფორუმი
