ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა

ევროკომისიამ ს წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა. თუმცა, სანქციების საბოლოოდ მიღებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.
სანქციების ახალ პაკეტზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით,
სანქციების მე-19 პაკეტი მოიცავს რამდენიმე ახალ ცვლილებას, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის შესუსტებისკენ არის მიმართული.
ვონ დერ ლიენის განცხადებით, ევროპის ტერიტორიაზე აიკრძალება რუსული LNG- ის (თხევადი ბუნებრივი აირის) ევროპის ტერიტორიაზე იმპორტი.
„დროა, ონკანი დავკეტოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ვზოგავდით ენერგიას, მარაგების დივერსიფიკაციას ვახდენდით და ინვესტიციებს ვახორციელებდით დაბალი ნახშირბადის შემცველობის ენერგიის წყაროებში, როგორც არასდროს. დღეს ეს ძალისხმევა შედეგს იძლევა. ჩვენ ახლახან შევამცირეთ ნედლი ნავთობის ფასის ლიმიტი 47.6 დოლარამდე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციები შეეხება დამატებით 118 გემს ჩრდილოვანი ფლოტიდან.
„სულ 560-ზე მეტ გემს ამჟამად ევროკავშირის სანქციები ემუქრება. ენერგეტიკული ვაჭრობის მსხვილ კომპანიებს, „როსნეფტს“ და „გაზპრომნეფტს“, ახლა სრულად აეკრძალებათ ტრანზაქციები. სხვა კომპანიებსაც ასევე აქტივები გაეყინებათ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ახლა დააკვირდება მათ, ვინც რუსეთის ომს აძლიერებს სანქციების დარღვევით ნავთობის შეძენით.
„ჩვენ სამიზნედ ვაქცევთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის მოვაჭრეებს, ნავთობქიმიურ კომპანიებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში. სამ წელიწადში რუსეთის ნავთობის შემოსავლები ევროპაში 90%-ით შემცირდა. ახლა ჩვენ სამუდამოდ ვტოვებთ ამ გვერდს“, – აცხადებს ევროკომისიის ლიდერი.
ვონ დერ ლიენის განცხადებით, ევროკომისია გააკონტროლებს ფინანსურ ხვრელებს, რომლებსაც რუსეთი სანქციებისგან თავის არიდების მიზნით იყენებს.
„ჩვენ ვკრძალავთ ტრანზაქციებს რუსეთში არსებულ დამატებით ბანკებზე და მესამე ქვეყნების ბანკებზე. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ზომებს სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ. რადგან თავის არიდების ტაქტიკა უფრო დახვეწილი ხდება, ჩვენი სანქციები ადაპტირდება, რათა წინ წავიდეთ. ამიტომ, პირველად, ჩვენი შემზღუდავი ზომები შეეხება კრიპტო პლატფორმებს და აკრძალავს ტრანზაქციებს კრიპტო ვალუტებით.
ჩვენ სიაში შევიყვანთ უცხოურ ბანკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ალტერნატიულ გადახდის სერვის სისტემებთან. ასევე ვზღუდავთ ტრანზაქციებს სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში მყოფ სუბიექტებთან” – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ვონ დერ ლაიენის განცხადებით შეიზღუდება ბრძოლის ველზე გამოყენებული ნივთებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი.
„რაც შეეხება ჩემს მესამე საკითხს. ჩვენ ვამატებთ ახალ პირდაპირ ექსპორტზე შეზღუდვებს ბრძოლის ველზე გამოყენებული ნივთებისა და ტექნოლოგიებისთვის. ასევე, ჩვენ სიაში შევიყვანთ 45 კომპანიას რუსეთსა და მესამე ქვეყნებში. ეს კომპანიები პირდაპირ ან ირიბად უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. ინოვაციებით წარმართულ ომში, რუსეთისთვის ძირითად ტექნოლოგიებზე წვდომის შეწყვეტა გადამწყვეტია. უპირველეს ყოვლისა, როდესაც საქმე დრონებს ეხება”, – აცხადებს ევროკომისიის ლიდერი.