ევროკომისარი საუბრობს 3 ბერკეტზე, რომელიც EU-ს აქვს ხელში “ოცნების” მთავრობის წინააღმდეგ

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი საუბრობს სამ ბერკეტზე, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საპასუხოდ.
ამასთან, ევროკომისარი არ ემხრობა კანდიდატის სტატუსისა და უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, რადგან ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ორივე მათგანს.
„რა შეგვიძლია გავაკეთოთ? თქვენ იცით, რომ გარკვეული სანქციები არის დაწესებული. განხილვა შეიძლება, სამი მიმართულებით წარიმართოს: პირველი შეიძლება იყოს, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, მაგრამ მე არ მინდა ამის განხილვა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხალხი იმსახურებს, რომ ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მისი ზოგიერთი დებულება შეიძლება გაუქმდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. მესამე ნაწილი იქნება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რის გაკეთებასაც მთელი მოსახლეობისთვის არ ვისურვებდი, რადგან ისინი იმსახურებენ ამ თავისუფალ მიმოსვლას. მაგრამ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის კონკრეტულ პირებზე მეტად ფოკუსირება და ამ თავისუფლების წართმევა“, — განუცხადა მარტა კოსმა Euroscope-ს, თუმცა თქვა, რომ სანქციების საკითხი საბჭოს გადასაწყვეტია.
„ევროკავშირის საბჭომ შეწყვიტა მოლაპარაკებები და ეს სამართლიანად. როგორც კი მთავრობა გამოავლენს მზადყოფნას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი… მე აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით, რომელიც ქუჩაში გამოდის და ევროპული პერსპექტივისთვის იბრძვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში და ზოგიერთ მათგანს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში დემოკრატიული პროცესის უკუსვლა ნამდვილად გვაშფოთებს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას და ყველა ინსტიტუტს — გთხოვთ, დაუბრუნდით ევროპულ გზას. ეს არის ის, რაც თქვენმა ხალხმა მოითხოვა და თქვენ უნდა უზრუნველყოთ ეს“, — განაცხადა მარტა კოსმა.
დღესვე ევროკომისარი წარსდგა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე, სადაც გაფართოების ქვეყნებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო მკაფიო მაგალითია, რომ კანდიდატის სტატუსი მინიჭების მიუხედავად, ევროკავშირის გზაზე უკუსვლა შესაძლებელია.
„მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მარშირებს, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. უცხოეთის აგენტების შესახებ საქართველოს კანონპროექტი დემოკრატიის გზაზე სერიოზულ უკან გადადგმული ნაბიჯია. მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ბოლო დროს მიღებულ კანონებთან ერთად, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენასაც კი. ჩვენ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, მე და უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინონ მოქალაქეთა მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, პროტესტის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ამას ისევ და ისევ გავიმეორებთ“, — განაცხადა გაფართოების კომისარმა.
მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
„საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე დაბრუნება უნდა განვიხილოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გადადგამს სანდო ნაბიჯებს დემოკრატიის გაუარესების პროცესის შესაჩერებლად. და ასეთ დროს, განსაკუთრებულად უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას“, — დასძინა მარტა კოსმა.