ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
„დღეს სამდღიანი ვიზიტი დავიწყე უკრაინაში, უჟგოროდში, ეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრით. ევროპულმა ინტეგრაციამ ჩვენს კავშირში უმცირესობების დაცვა უზრუნველყო. გაწევრიანების მეშვეობით გვსურს, რომ უმცირესობების დაცვა უკრაინაშიც უზრუნველვყოთ“, – წერს მარტა კოსი X-ზე.
ევროკომისიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მარტა კოსი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, იულია სვირიდენკოს შეხვდება.
„კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი უკრაინაში იმყოფება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ და აღნიშნოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სკრინინგის პროცესის დასრულება, რაც ხაზს უსვამს უკრაინის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, -აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
