ევროკომისარი არ გამორიცხავს საქართველოსთან სავაჭრო შეთანხმების – DCFTA-ის გადახედვას

EU-ის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას განიხილავს, თუმცა “ფრთხილობს”. მისივე თქმით, განიხილება ვიზალიბერალიზაციის გადახედვაც, თუმცა ის აღნიშნავს, რომ ეს ქართველი მოსახლეობის უმრავლესობას დააზარალებს.
ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორთან რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პასუხად უკვე მიღებული ზომების გარდა, კიდევ რას განიხილავს ბრიუსელი, მარტა კოსი ამბობს, რომ “ბევრი შესაძლებლობა არსებობს”, თუმცა ამ ვითარებაში “ძალიან ფრთხილობენ”.
“შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები.